რამდენ ხანს გაგრძელდება მარგველაშვილისა და “ოცნების” გუნდის ერთი ნაწილის საჭადრაკო პატი”
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია საქართველოში ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. კონსტანტინე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების“ გუნდის წევრების ურთიერთდამოკიდებულებას განიხილავს. როგორც ყოფილი პარლამენტარი აცხადებს, საქართველოს კანონი კიდევ უფრო დასახვეწია. მისი თქმით, კანონი ინტერესთა კონფლიქტს შეიცავს. გამსახურდიას მიაჩნია, რომ კანონში არა მარტო პრეზდენტსა და პრემიერს შორის, არამედ პრეზიდენტსა და საგარეო უწყებას შორისაც ფუნქციების გადაკვეთა ხდება.
„რასაც დღეს ვხედავთ მარგველაშვილთან და “ოცნების” გუნდის ერთ ნაწილთან მიმართებაში, არის საჭადრაკო პატი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რაზეც ამას წინათ ვწერდი – კანონი არ არის სრულყოფილი. იგი თავის თავში შეიცავს ინტერესთა კონფლიქტის და ფუნქციების გადაკვეთის შესაძლებლობას არა მარტო პრეზდენტსა და პრემიერს შორის, არამედ პრეზიდენტსა და საგარეო უწყებას შორისაც. რომ წარმოვიდგინოთ კონფლიქტის ასეთი კონტინუიტეტი ან ესკალაცია, სადამდე შეიძლება ის მივიდეს? პრეზიდენტი ვერ შეძლებს და არც მოისურვებს პარლამენტის დათხოვნას, რადგან მას არ ყავს ძლიერი გუნდი, რომელიც ვადამდელ არჩევნებს მოიგებდა. მოსულები კი შესაძლოა კიდევ უფრო უცხონი და აგრესიულნი გამოდგნენ და საერთოდ გამორიცხონ მასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობა. ჩვენი პოლიტიკა ხომ სინამდვილეში ანტიპოლიტიკა და კონტრპოლიტიკაა; ანტისახელმწიფოებრიობა კი ჩვენი სულის ძირითადი მელოდიაა დღეს. ჩვენ ხომ იშვიათად ვემსგავსებით ილიას მოწაფეებს, არჩილ ჯორჯაძეს ან რევაზ გაბაშვილს. უფრო მეტად ვემსგავსებით არსენა ყაჩაღს (თავისი სიმპატიური მხარეებით) ასევე გიორგი კუჭატნელს და ზაალ ბარათაშვილს (თავიანთი ანტიპატიური მხარეებით). ახლანდელი პარლამენტი ვერ შეძლებს მის იმპიჩმენტს, რადგან ამას ესაჭიროება ორი მოთხოვნის დაკმაყოფილება: 1. უნდა დადგინდეს, რომ პრეზიდენტმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა 2. რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია. ჯერჯერობით არც ერთი სახეზე არ არის. მათ ჯერ პარლამენტში უნდა გადაწყვიტონ ეს საკითხი, რასაც ასევე ესაჭიროება უმრავლესობა. დარწმუნებული არ ვარ, რომ “ოცნება” საკუთარ კოალიციაში მოახდენს აბსოლუტურად ყველა ხმის მობილიზებას. არაფერს ვიტყვი ნაციონალური უმცირესობის ამ მიმართულებით დარწმუნებაზე. ამის შემდეგ კი პარლამენტმა უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით მეტად საეჭვოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მწვანე შუქი მისცეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას პარლამენტში. ხოლო რამდენ ხანს გაგრძელდება ეს საჭადრაკო პატი, ძნელი სათქმელია“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.