ნიკა გვარამია ვიქტორ დოლიძეს რჩევისთვის მადლობას უხდის
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის ვიქტორ დოლიძის მოწოდებას, რომ “რუსთავი 2“ -მა პრეზიდენტის და მთავრობის დაპირისპირების თემა დახუროს, “რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება. გვარამია რჩევისთვის მადლობას იხდის, თუმცა აცხადებს, რომ დოლიძის მოწოდებას ვერ გაიზიარებს და ამის მიზეზსაც განმარტავს.
“ვიკა დოლიძე მოგვიწოდებს პრეზიდენტის და მთავრობის დაპირისპირების თემა დავხუროთ. ბატონო ვიქტორ, როდესაც და რამდენჯერაც რ2-მა რამე თემა დახურა (და, სამწუხაროდ, იყო ამის პრეცედენტები), ხელისუფლებასაც ავნო, საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც. ასე რომ, გმადლობთ რჩევისთვის, მაგრამ ვერ გავიზიარებთ. ჩვენი საქმე არა თემების დახურვა, არამედ გასაჯაროვებაა. და ასე იქნება, თქვენ რომ ხელისუფლებაში აღარ იქნებით (და, სავარაუდოდ, თემის დახურვას აღარ მოგვიწოდებთ), მაშინაც“, – წერს გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე.