რის გამო უხდის ბოდიშს საზოგადოებას დავით ზალკალიანი
საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ეთერში გაკეთებული ემოციური განცხადებების გამო ბოდიშს იხდის. ამასთან დაკავშირებით ზალკალიანი ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ თავადაც ვერ წარმოიდგენდა თუ აღნიშნული ფორმით მოუხდებოდა საზოგადოებისთვის განმარტებების გაკეთება პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტთან დაკავშირებით.
მინისტრის მოადგილე მისი აღელვების მიზეზზეც საუბრობს და განმარტავს, რომ მისი ემოციები “რუსთავი 2“-ის ეთერში გუშინ გასულმა სიუჟეტმა გამოიწვია.ზალკალიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ სიუჟეტით საგარეო უწყების შეურაცხყოფა მოხდა.
“ჩემო ,,ფეისბუკ“ მეგობრებო! ნება მომეცით, ბოდიში მოგიხადოთ იმ ემოციური გამოსვლისთვის, რომელიც დღეს მქონდა რუსთავი 2-ის ეთერში. ნამდვილავ ვერ წარმოვიდგენდი,თუ ამ ფორმით მომიხდებოდა განმარტებების გაკეთება საზოგადოებისთვის, რომელიც მართლა დაიღალა ამ უსგავსოებით, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდებოდა პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტთან დაკავშირებით. ყოველთვის თავს ვიკავებდი ამ თემაზე კომენტარების გაკეთებისგან, რადგანაც ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯს და უაღრესად სენსიტიურ საკითხს ეხებოდა. თუ ჟურნალისტები არ დასვამდნენ კითხვას, საკუთარი ინიციატივით არასდროს მისაუბრია ამ საკითხზე. მაგრამ გუშინდელი რუსთავი 2-ს ეთერით გასული სიუჟეტის შემდეგ, თავი ვერ შევიკავე, რადგანაც ყველა ეთიკური ნორმის დარღვევით, უსამართლოდ მოხდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაცია. დეტალებზე აღარ შევჩერდები, ყველაფერი ჩემს კომენტარშია ნათქვამი.
მხოლოდ ერთი რამის თქმა მსურს. ვინც მე მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა ძალიან რთულია. უამრავი მოლაპარაკებები მიმყავდა და მიმყავს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და ხშირ შემთხვევაში პარტნიორების მხრიდან იყო და არის მცდელობა ამოგაგდოს მოლაპარაკების პროცესიდან სხვადასხვა ხრიკებით, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამ სირთულეს აქამდე წარმატებით ვართმევდი თავს. იმედია, მომავალშიც გავართმევ.
მაგრამ გუშინდელი სიუჟეტის მერე ვერ ავიტანე უტიფარი ტყუილების კასკადი, სამინისტროს მთელი შემადგენლობის შეურაცხყოფა. ყველამ კარგად მინდა გაიგოს – საგარეო საქმეთა სამინისტრო არის ჩემი ოჯახი, სადაც ჩემი ცხოვრების თითქმის ნახევარი (22 წელი) მაქვს გატარებული. მე ამ სამინისტროში ვმუშაობდი უმაღლესი მორალის, ზნეობის და პროფესიონალიზმის ადამინებთან. მხოლოდ ორ მათგანს დავასახელებ (იმედია სხვებს არ ეწყინებათ) ლევან მიქელაძე და გიგა ბურდული. ამ ადამიანების ფასეულობებს ვიზიარებდი, მათ გვერდით გავიარე დიპლომატიური სკოლა. არასდროს თანადებობა და ვინეს მიმართ ერთგულების დამტკიცება არ ყოფილა ჩემი მიზანი. ყოველთვის ერთგულად ვემსახურებოდი ჩემი ქვეყნის ინტერესებს და ვიცავდი მის სახელმწიფოებრიობას.
2009 წელს გადავდექი ძალიან კომფროტული – ელჩობის თანამდებობიდან და ჩემს მეგობრებთან ერთად ჩავერთე პოლიტიკაში, რაც მართალი გითხრათ, არ იყო ჩემი დიდი სურვილი. მაგრამ მე გვერდში დავუდექი ჩემს სათაყვანებელ უფროს მეგობარს და დიდი დიპლომატ ლევან მიქელაძეს – ირაკლი ალასანია, ალექსი პეტრიაშვილთან, ვიკა დოლიძესთან, ნინო გოგუაძესთან და სხევბთან ერთად. უფრო ადრეც ვაპირებდით გადადგომას 2007 წლის 7 ნოემბერს, მაგრამ მაშინ ლევან მიქელაძემ გვთხოვა, არ გადაგვედგა ეს ნაბიჯი, რადგანაც მაშინ ყველა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფუნქციებს ვასრულედით და მას მიაჩნდა, რომ ეს ჩამოშლიდა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას.
ოპოზიციაში ყოფნის დროსაც, საგარეო მიმართულებით ყოველთვის ისეთ განცხადებებს ვაკეთებდით, რომ ზიანი არ მიგვეყენებინა ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნურავის ეგონება, რომ დღევანდელი ჩემი ემოციური განცხადებები რამის დასამტკიცებლად გავაკეთე. მე მხოლოდ ჩემ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები მამოძრავებს. კიდევ ერთხელ მომიტევეთ და პატიებას ვითხოვ საზოგადოებისგან!“-წერს ზალკალიანი.