რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის მოწყობა დასრულდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სააკაძეში რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.
პრეზენტაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე, გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მთლიანად გამოიცვალა პერიმეტრის ამორტიზებული ღობე, აშენდა და მოეწყო შენობა დაცვის პერსონალისთვის.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოქალაქეები რადიოაქტიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედებისგან იქნებიან დაცული. აღნიშნული ობიექტი უზრუნველყოფილი იქნა ტექნიკური წყლის და ელექტროენერგიის მიწოდების სისტემებით.
სოფელ სააკაძის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი 1960 წელს გაიხსნა, რომელმაც ფუნქციონირება გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში შეწყვიტა.
სააკაძის სამარხზე სამუშაოები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და სამშენებლო კომპანია „მშენუნივერსალს“ შორის 2013 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები