„მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“

 

  19 სექტემბერს, 16:00 სთ-ზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამის „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ პირველი საჯარო ლექცია-კონცერტი გაიმართება. პირველი ლექცია-კონცერტი კლავიშებიან საკრავებსა და საკლავირო მუსიკას დაეთმობა, რომელსაც მსმენელს თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ნინო ჟვანია წარუდგენს.
წარმოდგენილი იქნება კლასიკური მუსიკის საუკეთესო ნიმუშები საუკეთესო შესრულებით. მსმენელს ერთი საათის განმავლობაში საშუალება ექნება, გაეცნოს კლავესინს, როიალსა და ორღანს.
პიანისტი ნინო ჟვანია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორია. 2010 და 2014 წლებში იმყოფებოდა ბოსტონის ნიუ ინგლენდის კონსერვატორიასა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტში „მოწვეული ლექტორის სტატუსით“ კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამა “მე მიყვარს კლასიკური მუსიკა” კონსერვატორიის დიდი დარბაზის ინიციატივაა და განკუთვნილია ბავშვებისთვის და არა მარტო მათთვის. 2014/2015 წლის სეზონზე პროგრამის ფარგლებში ჩატარდება 10 ერთსაათიანი საჯარო ლექცია-კონცერტების პირველი სერია, რომელიც მოიცავს კლასიკური მუსიკის მრავალფეროვან თემატიკას საორკესტრო, ინსტრუმენტული, ვოკალური მუსიკის ჩათვლით, რომელიც თავის მხრივ სხვადასხვა ჟანრს, სტილს, ეპოქას და კომპოზიტორებს გააერთიანებს. თითოეულ კონცერტს გაუძღვებიან ახალგაზრდა პროფესიონალი მუსიკოსები და ხელოვანები (კოკა ნიკოლაძე, ნინო ჟვანია, ლევან ცხადაძე, მირიან ხუხუნაიშვილი, ნინო სურგულაძე, გოგი ჭიჭინაძე, ნინო ანანიაშვილი) და მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები, მათ შორის – უნიჭიერესი ნორჩი მუსიკოსებიც. კონცერტები თვეში ერთხელ 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები