სამ საჯარო სკოლაში ტექნოლოგიური საკლასო ოთახი მოეწყობა
კომპანია იუ-ჯი-თის გადაწყვეტილებით, საქართველოს სამ საჯარო სკოლაში ტექნოლოგიური საკლასო ოთახი მოეწყობა. დღეს, კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უახლესი კლასის მოდელის პრეზენტაცია გამართეს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს და ადვილად დაძლევადს ხდის სწავლა-სწავლების პროცესს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სკოლების კომპიუტერიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საკლასო ოთახის მოდელი, რომელიც იუ-ჯი-თიმ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა აღჭურვილია Acer-ის ინოვაციური ტექნიკის ნიმუშებით: თანამედროვე ინტერაქტიული სასწავლო/საპრეზენტაციო სისტემა; ნოუთბუქი მასწავლებლისათვის; თაჩ ეკრანიანი ნეტბუქები მოსწავლეებისათვის; მულტიფუნქციური პრინტერი. „ტექნოლოგიური საკლასო ოთახის საშუალებით, მასწავლებელს შესაძლებლობა ექნება ინტერაქტიულ რეჟიმში წარმართოს გაკვეთილი, მოსწავლეებს გაუადვილოს, საინტერესო და სახალისო გახადოს სწავლების პროცესი. მოსწავლეებს კი შეეძლებათ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა საგანში მნიშვნელოვნად აიმაღლონ ცოდნის დონე“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
პრეზენტაციაზე კომპანიის წარმომადგენლებმა საზოგადოებას აღნიშნული ტექნიკის შესაძლებლობები და სწავლების პროცესში გამოყენების მეთოდები გააცნეს. თანამედროვე ტექნოლოგიური კლასის გამოყენება სწავლების პროცესში ნებისმიერი საგნის მასწავლებელს შეუძლია.