დავით ნარმანია: სოციალური და ჯანდაცვის კუთხით დაფინანსება არ შეფერხდება

არც ერთი სოციალური დახმარება, არც ერთი ჯანდაცვის კუთხით დაფინანსება არ შეფერხდება – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
“პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან იყო საუბარი, რომ რადგანაც ჩვენ ქამრების მოჭერა და შემოჭერა დავიწყეთ, მოქალაქეებს რაიმე დააკლდებათ, ან საინვესტიციო პროექტები შეჩერდება. არც ერთ შემთხვევაში ეს არ მოხდება. არც ერთი სოციალური დახმარება, არც ერთი ჯანდაცვის კუთხით დაფინანსება არ შეფერხდება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, თბილისის ბიუჯეტში ასევე არ იყო გათვალისწინებული 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის მოსამზადებელი სამუშაოებში მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა. “ასევე წყალკანალის სისტემის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე დიღმის ოლიმპიური კომპლექსის ტერიტორიის კეთილმოწყობის საკითხები. აქედან გამომდინარე, იძულებულები გავხდით, რომ დამატებითი ფინანსური სახსრები მოგვეძიებინა და ამიტომ მივმართეთ თბილისის საკრებულოსა და საქართველოს მთავრობას სესხებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მთავრობას დღეიდან უკვე ახალი ბიუჯეტით შეეძლება მუშაობა. როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ბიუჯეტში ცვლილებები აუცილებლობით იყო გამოწვეული.
“წინასაარჩევნოდ, ჩვენმა წინამორბედებმა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილი, ბიუჯეტიდან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება პრაქტიკულად ამოწურეს. ობიექტური აუცილებლობის წინაშე დავდექით, რომ ბიუჯეტის სხვა მუხლებში არსებული ეკონომია გადმოგვეტანა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში, ასევე გაგვეზარდა ბინათმესაკუთრეთა დაფინანსება, რადგან წლის ბოლომდე აუცილებელი სერვისი მიგვეწოდებინა მოქალაქეებისთვის”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები