თურქეთში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 33 ადამიანი დააკავეს
თურქეთში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 33 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიქაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ადგილობრივმა პოლიციამ საგამოძიებო სამუშაოები რვა პროვინციის 57 ლოკაციაზე ჩაატარა.
„ჩვენ არასოდეს დავუშვებთ ჯაშუშურ საქმიანობას, რომელიც მიმართულია ჩვენი ეროვნული ერთიანობისა და სოლიდარობის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ალი იერლიქაიამ.
მანვე დასძინა, რომ ეჭვმიტანილების მიზანი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების იდენტიფიცირება, მონიტორინგი, თავდასხმა და გატაცება იყო.
„სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია 143 830 ევრო, 23 680 დოლარი, სხვა ქვეყნების ვალუტა და უნებართვო ცეცხლსასროლი იარაღი“, – განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.