ზელენსკის თქმით, უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო იერიშს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 92 პირი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყანაზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 92 დაშავდა.
სახელმწიფოს მეთაურმა დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძიმრა.
„რუსეთის მორიგი დარტყმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ყველა შესაბამისი სამსახური ჩართულია. 500-ზე მეტი მაშველი, პოლიციელი, კომუნალური, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელი. ამ დროისთვის, ცნობილია 92 დაშავებულის შესახებ. სამწუხაროდ, ოთხი ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ახლობლებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინელი საჰაერო თავდაცვის მეომრები ბოლო სამი დღის განმავლობაში წარმოუდგენელ სამუშაოს ასრულებდნენ, რადგან მათ 31 დეკემბრიდან მოყოლებული, დაახლოებით, 170 „შაჰიდის“ ტიპის დრონებთან და ათობით რაკეტასთან უხდებოდათ გამკლავება.
ცნობისთვის, 2 იანვარს რუსეთმა უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ტერორისტული თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად ყველაზე მეტად კიევისა და ხარკოვის რეგიონები დაზარალდნენ. განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსები და არის როგორც მსხვერპლი, ასევე დაშავებულები.