“2024 წელს მტერი უკრაინული წარმოების იარაღის მრისხანებას იგრძნობს” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2023 წელს უკრაინა უფრო გაძლიერდა, ხოლო 2024 წელს მტერი უკრაინული წარმოების იარაღის “მრისხანებას იგრძნობს”.
ამის შესახებ მან მოსახლეობისადმი საახალწლო მიმართვის დროს თქვა.
„მომავალ წელს მტერი შიდა წარმოების რისხვას იგრძნობს. ჩვენი იარაღი, ჩვენი აღჭურვილობა, არტილერია, ჩვენი ჭურვები, ჩვენი დრონები, საზღვაო “სალამი” მტერს და მინიმუმ მილიონი უკრაინული FPV. ყველაფერს, რითაც გულუხვად გავუმასპინძლდებით. ხმელეთზე, ჰაერში და, რა თქმა უნდა, ზღვაზე. ჩვენს შავ ზღვაზე. წელს მტერმა ისე, როგორც არასდროს იგრძნო, რომ მისი ადგილი იქ არ არის. ჩვენი ქმედებები შავ ზღვაში გახდა შავი ფურცელი რუსული ფლოტის ისტორიაში“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უკრაინას დასავლელი პარტნიორები F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს მიაწოდებენ.
„ჩვენი პილოტები უკვე ეუფლებიან F-16 თვითმფრინავებს და მათ აუცილებლად ვიხილავთ ჩვენს ცაზე, რათა ჩვენმა მტრებმა დაინახონ, რა არის ჩვენი ნამდვილი რისხვა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე გაიხსენა, რომ 2023 წლის დასაწყისში უკრაინამ მოახერხა ისტორიაში ყველაზე რთული ზამთრის გადალახვა.
„როცა დავამტკიცეთ: უკრაინელები სიცივესა და სიბნელეზე ძლიერები არიან. გათიშვებზე და ბლექაუთებზე ძლიერები. უკრაინელები ელექტროენერგიის ნებისმიერ დეფიციტს გადალახავენ, რადგან მათ არ აკლიათ გამძლეობისა და სიმამაცის დეფიციტი. არ გავქრით სიბნელეში. სიბნელემ არ ჩაგვყლაპა. სიბნელემ ვერ გაიმარჯვა“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.