აშშ-მა ერაყში, საპასუხოდ, “ქათაიბ ჰეზბოლას” ობიექტები დაბომბა
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ერაყში დაჯგუფება „ქათაიბ ჰეზბოლას“ და მათთან დაკავშირებული დაჯგუფებების სამ სამიზნეზე იერიში მიიტანა.
როგორც პენტაგონი აღნიშნავს, დარტყმები განხორციელდა ერაყსა და სირიაში აშშ-ის ჯარებზე თავდასხმების, მათ შორის, ერაყის ქურთისტანში ერბილის საჰაერო ბაზაზე თავდასხმების საპასუხოდ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ, ერბილში თავდასხმის შედეგად, სამი ამერიკელი სამხედრო დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
“დღეს, პრეზიდენტ ბაიდენის განკარგულებით, შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს აუცილებელი და პროპორციული დარტყმები ერაყში “ქათაიბ ჰეზბოლას” და მასთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ გამოყენებული სამი ობიექტის წინააღმდეგ”, – ნათქვამია განცხადებაში.