“ტაბულამ“ ჟურნალისტი, რომელმაც პრემიერის ნათქვამი არასწორად გაავრცელა, გაათავისუფლა

  “ტაბულას“ რეადაქცია შეცდომას აღიარებს. ინტერნეტგამოცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მკითხველს, 12 თებერვალს, ინტერნეტგვერდ tabula.ge-ზე გამოქვეყნებული ნიუსის სათაურსა და ტექსტში, პრემიერ-მინისტრის ციტატის არასწორად მოყვანისთვის ბოდიშს უხდის. ჟურნალისტი კი, რომელმაც პრემიერ-მინისტრს მიაწერა ის, რაც მას არ უთქვამს, სამსახურიდან გათავისუფლებულია.
“ტაბულას რედაქცია ბოდიშს უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მკითხველს, 12 თებერვალს, ინტერნეტგვერდ tabula.ge-ზე გამოქვეყნებული ნიუსის სათაურსა და ტექსტში, პრემიერ-მინისტრის ციტატის არასწორად მოყვანისთვის.
ტაბულა ფაქტების მიუკერძოებლად, ზედმიწევნით ზუსტად და დაუმახინჯებლად გადმოცემის სტანდარტის ერთგულია. რედაქცია ვერ დაუშვებს, ერთი ჟურნალისტის შეცდომის გამო ჩრდილი მიადგეს მის თანამშრომლებს, სწორედ ამიტომ, მორიგე ჟურნალისტი, რომელმაც პრემიერმინისტრს მიაწერა ის, რაც მას არ უთქვამს, სამსახურიდან გათავისუფლებულია. ნიუსი სათაურით: “ღარიბაშვილი: წლის დასაწყისში ველოდები დიდ რუსულ ინვესტიციებს საქართველოში” – უკვე წაშლილია.
იმედს ვიტოვებთ, რომ მთავრობაც ისეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ შეცდომებს, როგორც ტაბულას რედაქცია“,- აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა ინტერნეტგამოცემა „ტაბულა“ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ რუსულ ინვესტიციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების არასწორად გავრცელებაში დაადანაშაულა.
“ამა წლის 12 თებერვალს ინტერნეტგამოცემა „ტაბულა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით –„ღარიბაშვილი: წლის დასაწყისში ველოდები დიდ რუსულ ინვესტიციებს საქართველოში“. სტატიაში ვკითხულობთ: „რუსებს კონკრეტული ინტერესები აქვთ საქართველოში სხვადასხვა დარგის მიმართ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს დარგებია, ძირითადად, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და ლოჯისტიკა. დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ პრემიერ–მინისტრს მსგავსი განცხადება ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში არ გაუკეთებია. გადაცემაში „პოლიტიკის დრო“ ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა უცხოეთში განხორციელებულ წარმატებულ ვიზიტებზე, მათ შორის ისრაელში ბიზნესმენებთან გამართულ ნაყოფიერ შეხვედრაზე. მან აღნიშნა, რომ მარტის პირველ ნახევარში საქართველოში გაიმართება ქართულ-ებრაული ბიზნესფორუმი“, – განაცხადეს პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები