გურჯაანში ღვინის ფესტივალი წელს მეხუთედ გაიმართება

მეღვინეობის ქალაქში, ღვინის ფესტივალი წელს უკვე მეხუთედ გაიმართება, რომელიც წარმოადგენს გლეხის მიერ ქვევრში დაყენებულ ღვინოს, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებულ 300-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს, ტრადიციულ კერძებთან ერთად,- ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის მერია ავრცელებს.

“მზარდი ინტერესი, გურჯაანის ღვინის ფესტივალს ყოველწლიურად კიდევ უფრო მასშტაბურს ხდის. სწორედ ამიტომ, მონაწილეთა რეგისტრაცია ადრიანად, აგვისტოს თვეში დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდება. მონაწილეთა რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე ხორციელდება: https://shorturl.at/xUWXY

ფესტივალის მიზანი, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის – ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა გახლავთ, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი საზოგადოებისთვის.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2023 ღვინის დღეების ფარგლებში იმართება და მისი მხარდამჭერია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ხორციელდება საქართველოს პარლამენტის წევრის – დავით სონღულაშვილის პატრონაჟით”,- წერია ინფორმაციაში

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები