შალვა პაპუაშვილი: დახარჯეს მილიონები, რეცხეს ტვინები, შექმნეს საკუთარ გემოვნებაზე მორგებული „ქართველი ერი“ და ეს ყველაფერი ერთ დღეში ჩამოემსხვრათ ხუხულასავით
დახარჯეს მილიონები, ატარეს სემინარები, რეცხეს ტვინები, შექმნეს საკუთარ გემოვნებაზე მორგებული „ქართველი ერი“ და ეს ყველაფერი ერთ დღეში ჩამოემსხვრათ ხუხულასავით. ვფიქრობ, ბევრისთვის უცხოეთში და მათი ემისრებისთვის საქართველოში იყო შოკი, რაც მათ დაინახეს, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეკლესიისთვის ანტიდასავლურობის დაბრალება ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო.
„ასეთ დროს პირველი მიზანი არის ტაბუების მსხვრევა, როდესაც ტრადიციულ საზოგადოებაში ეკლესიის მიმართ არის განსაკუთრებული პატივისცემა, მნიშვნელოვანია, რომ წინა პლანზე გამოიყვანონ განსაკუთრებით თავხედი ადამიანები, რომლებიც თავის თავზე აიღებენ შეურაცხყოფას, თავდასხმას ეკლესიაზე. პატრიარქი 2004 წელს ამბობდა ანტიდასავლურობას გვაბრალებენო. ანტიდასავლური, პრორუსი – ეს იარლიყები მაშინ დაიწყო ჯერ კიდევ. შეგახსენებთ ეს რა პერიოდია, ნაცმოძრაობა ახალი მოსულია ხელისუფლებაში, არსებობს გარკვეული ეიფორია, რომ შეიძლება სიახლეები იყოს და პატრიარქი მაშინათვე ხედავდა თუ რა სიბოროტეს ეყრებოდა საფუძველი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, გლოვის დღეებში ადამიანების მცირე ჯგუფმა იკადრა ის, რაც ქართველს არ ეკადრება.
„შექმნეს მცირე ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან, შეუძლიათ შეურაცხყოფა მიაყენონ ყველას და ყველაფერს, მათ შორის პატრიარქს და მათ შორის მაშინ, როდესაც ის ჯერ განსასვენებელს მიბარებული არც იყო, ის რაც ქართველს არ ეკადრება ამას კადრულობდნენ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.