ისრაელის საელჩო: პატივი იყო ასეთ ძლიერ ნაკრებთან თამაში – ეს მატჩიც კიდევ ერთი მშვენიერი გამოვლინება იყო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და მრავალწლიანი მეგობრობისა
ისრაელის საელჩო საქართველოსა და ისრაელის ეროვნულ ნაკრებებს შორის თბილისში გამართულ ამხანაგურ შეხვედრას ეხმაურება, რომელიც ანგარიშით 2:2 დასრულდა.
როგორც საელჩო აღნიშნავს, დღევანდელი მატჩი ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე და მრავალწლიანი მეგობრობის კიდევ ერთი მშვენიერი გამოვლინება იყო.
„შესანიშნავი საფეხბურთო საღამო თბილისში. ამხანაგური თამაშის ყველაზე მეგობრული დასასრული. ვულოცავთ ორივე გუნდს. დიდი სიამოვნება და პატივი იყო ასეთ ძლიერ ნაკრებთან თამაში და კიდევ ერთხელ იმ საფეხბურთო ემოციის განცდა, რომელიც ისრაელელ და ქართველ გულშემატკივრებს გვაერთიანებს. ეს მატჩიც კიდევ ერთი მშვენიერი გამოვლინება იყო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და მრავალწლიანი მეგობრობისა“, – ნათქვამია განცხადებაში.