შალვა პაპუაშვილი – ტელეკომპანიების დასანქცირებასთან დაკავშირებით პოლონელი დეპუტატების მოთხოვნაზე: დღევანდელ სამყაროში რაკეტებზე ნაკლები სიძლიერე არ აქვს ჰიბრიდულ ომს და ეს არის სწორედ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, იარაღი, მეთოდები

დღევანდელ სამყაროში რაკეტებზე ნაკლები სიძლიერე არ აქვს ჰიბრიდულ ომს და ეს არის სწორედ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, იარაღი, მეთოდები, რომლის გამოყენებაც ახლა სურს ზოგიერთ პოლონელ დეპუტატს, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანიების დასანქცირებასთან დაკავშირებით პოლონელი დეპუტატების მოთხოვნაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის თავდასხმა საქართველოზე.

„აქ ჩვენ მგონი აღარ უნდა მოვერიდოთ შეფასებებს იმ მხრივ, რომ ეს არის ჩვეულებრივი აგრესიული თავდასხმა. დღევანდელ სამყაროში რაკეტებზე ნაკლები სიძლიერე არ აქვს ჰიბრიდულ ომს და ეს არის სწორედ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, იარაღი, მეთოდები, რომლის გამოყენებაც ახლა სურს ზოგიერთ პოლონელ დეპუტატს. რომელიც გამოიყენა უკვე ბრიტანეთის მთავრობამ იმით, რომ თავს დაესხა თავისუფალ მედიას. რომ შევხედოთ მიზანი რა არის, ბრიტანეთის მაგალითი ამისთვის კარგია მგონი, სისულელეც არის და სისულელეც, მაგრამ ამ სისულელეს რომ საჯაროდ ამბობენ, ამხელა ქვეყანაა ბრიტანეთი და ხელისუფლება, რაღაც ცოტა მორიდება მაინც ხომ უნდა ჰქონდეთ, ბრალდება თითქოს ქართული დამოუკიდებელი მედია „იმედი“, „პოსტივი“, თითქოს ისინი საკუთარი სარედაქციო პოლიტიკით გავლენას ახდენენ უკრაინაში მიმდინარე ომზე.

პირველი, ამ მედიის დაფარვა არის საქართველო, ქართულ ენაზე და ერთადერთი რაზეც გავლენა აქვთ, ეს არის საქართველო. საქართველოს თავის მხრივ, არანაირი გავლენა არ შეიძლება ჰქონდეს უკრაინაში მიმდინარე ომზე. შესაბამისად, მარტივია დასკვნა, რომ სინამდვილეში სურვილი ბრიტანეთის ხელისუფლების არის, რომ დახუროს საქართველოში თავისუფალი მედია იმისთვის, რომ ჩაანაცვლოს ეს პროპაგანდით. ჩვენ ვხედავთ, რომ იყო მცდელობა ბრიტანეთის საელჩოს დაეფინანსებინა პროპაგანდისტული პარტიული მედია „ტაბულა“. იმითაც ვხედავთ ხომ ბრიტანეთის ელჩის ღირებულებების შკალა როგორ არის, რომ „ტაბულა“, რომელიც არის პარტიული კედლის გაზეთი, მიაჩნია მას დაფინანსების ღირს ორგანიზაციად. ამიტომ, ეს არის ჩვეულებრივი თავდასხმა.

ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან არის აგრესია, რომლის წინააღმდეგ თავდაცვის უფლება აქვს ნებისმიერ სახელმწიფოს, ნებისმიერ ორგანიზაციას, ნებისმიერ პირს. ასე, რომ ამას უნდა შევხედოთ როგორც აგრესიულ თავდასხმას ქართულ მედიაზე იმ მიზნით, რომ შემდეგ დახურონ მედია სხვა ქვეყანაში. ხომ წარმოგიდგენიათ, სადამდეა მისული საერთო ჯამში საერთაშორისო სამართლის რღვევა, რომ ბრიტანეთი ცდილობს სხვა ქვეყანაში დახუროს მედია.

რატომ აკეთებს ამ ყველაფერს, იმისთვის, რომ შემდეგ პროპაგანდა იყოს ადვილი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები