ესპანეთში, ბარსელონაში, 25 წლის ნოელია კასტილიო რამოსისთვის ევთანაზიის პროცედურა დღეს არის დაგეგმილი. სასამართლოებმა მისი მოთხოვნა კანონიერად ცნეს.
მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი 2022 წელს გადატანილი მძიმე ტრავმისა და შემდგომი თვითმკვლელობის მცდელობის შედეგად, პარალიზებული დარჩა. ნოელია ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ სახელმწიფოს მიერ მართულ ცენტრში ცხოვრობდა. იქ ყოფნისას მასზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს, რამაც გოგონას დიდი ტრავმა მიაყენა. მომხდარის გამო, მოგვიანებით, მან შენობიდან გადახტომით სიცოცხლის დასრულება სცადა. ის გადარჩა, თუმცა დაცემის შედეგად, წელს ქვემოთ პარალიზებული დარჩა.
მოგვიანებით, მან ოფიციალურად მიმართა შესაბამის ორგანოებს ევთანაზიის მოთხოვნით, რაც ესპანეთის კანონმდებლობით მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაშვებულია.
ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად, ნებაყოფლობითი ევთანაზია ექიმის მიერ სასიკვდილო ინექციის გაკეთებას გულისხმობს.
ნოელიას სიცოცხლის დასრულება თავდაპირველად 2024 წლის აგვისტოში იყო დაგეგმილი, თუმცა პროცესი მას შემდეგ შეჩერდა, რაც მამამისმა სამართლებრივი საჩივარი შეიტანა, რომელსაც მხარი დაუჭირა კონსერვატიულმა ჯგუფმა Abogados Cristianos (ქრისტიანი ადვოკატები). იგი ამტკიცებდა, რომ გოგონას პიროვნულმა აშლილობამ მისი ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უნარი შეაფერხა, რომ ნოელია კარგად რეაგირებდა რეაბილიტაციაზე და სიცოცხლის დასრულება რამდენჯერმე გადაიფიქრა.
BBC-ის ცნობით, მან ასევე განაცხადა, რომ “სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ადამიანების სიცოცხლე, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველების, როგორც ეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ახალგაზრდების შემთხვევაშია“.
საბოლოოდ, საქმე სხვადასხვა სასამართლო ინსტანციამ განიხილა, მათ შორის უმაღლესმა ორგანოებმაც, რომლებმაც საბოლოოდ, დაადასტურეს პაციენტის უფლება, საკუთარი სურვილით ისარგებლოს ევთანაზიით.
ბოლო სამართლებრივი მცდელობაც, რომელიც პროცედურის შეჩერებას ისახავდა მიზნად, უარყოფილი იქნა, რის შემდეგაც ევთანაზიის ჩატარების თარიღი განისაზღვრა და ის დღეს არის დაგეგმილი.
როგორც მედია აღნიშნავს, ეს შემთხვევა ესპანეთში ევთანაზიის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე განხილვად საქმედ იქცა და საზოგადოებაში აქტიური დებატები გამოიწვია.