„სვანეთში არ ვყოფილვარ და ჩემი იქ წასვლის წყურვილი ტილოზე გადმოვეცი“ – 20 წლის თვითნასწავლი მხატვარი, მედიცინა და კიდევ – ამეთვისტოთი დამზადებული ყელსაბამი

 20  წლის  თვითნასწავლი მხატვარი. ცხოვრობ თბილისში. ხატვა ადრეული ასაკიდანვე დაიწყო.
სწავლობ მედიცინის განხრით, რეაბილიტაციის ფაკულტეტზე, თუმცა ამბობს, რომ ხელოვნება მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.ანა დარბუაშვილის პერსონა.

– ხატვა ადრეული ასაკიდან დავიწყე. მშობლები – ირინა კენჩხაძე და ლაშა დარბუაშვილი ხელოვანები არიან. მამა ხატავს, დედა კი ქარგავს. ყოველდღიურობაში ვხედავდი მათ საქმიანობას, გულდასმით ვუყურებდი და მეც ნელ-ნელა ვხდებოდი ხელოვნების ნაწილი.
ვხატავდი: ფანქრებით, საღებავებით, სხვადასხვა ტიპის ქაღალდზე. სკოლის პერიოდში ჩემი ნამუშევრები მუდმივად იქცევდა ყურადღებას. მქონდა არაერთი გამოფენა როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთაც. 2017 წელს  მოვხვდი სკოლის გაზეთშიც. ამდენმა ფაქტორმა უფრო მეტად მომცა სტიმული, რომ გამეგრძელებინა მხატვრობა და უფრო სერიოზულად შემეხედა მისთვის.  მას მერე ხატვა არცერთი წამით არ შემიწყვეტია.
ხელოვნება ბავშვობიდან გიყვარდათ და მაინც, სამედიცინოზე ჩააბარეთ…
– ხელოვნება ბავშვობიდან მიტაცებს, თუმცა არასდროს ვკმაყოფილდები მხოლოდ ერთი საქმით, მიყვარს, მუდმივად სხვადასხვა საქმეში რომ ვარ ჩართული. მხატვრობასთან ერთად მუდმივად ვოცნებობდი, რომ ექიმი გავხდებოდი და დავეხმარებოდი ხალხს, ვისაც ეს სჭირდება.
– ხართ სტუდენტი, პარალელურად ხატავთ… როგორ უთავსებთ ერთმანეთს ხატვას და სწავლას?
– როდესაც ვსწავლობ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი დრო არ მრჩება ხატვისთვის, თუმცა დროს ყოველთვის ისე ვანაწილებ, რომ ორივე საქმეს სათანადო ყურადღება დავუთმო. ვცდილობ, დრო ტყუილად არ გავფლანგო,  რადგან ყოველი წუთი მნიშვნელოვანია.
– შთაგონება თუ გჭირდებათ ხატვის დროს?
–  მჭირდება, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის. მუდმივად ვუყურებ  სხვადასხვა მხატვრის ნახატებს ან თუნდაც ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ ფოტოებს და შემდეგ ისინი ხდებიან ჩემი შთაგონების წყაროები.
– ხატავთ ბუნების პეიზაჟებს, საქართველოს კუთხეებს, თბილისს… ნამუშევარი,  საინტერესო ისტორიით…
– ძალიან მიყვარს ბუნების პეიზაჟების ხატვა და რომელიმეს  გამოყოფა მიჭირს, რადგან ყველას თავისებური ისტორია აქვს. თუმცა სვანეთის პეიზაჟი მაინც განსაკუთრებულია ჩემთვის, რადგან ძალიან მიყვარს იქაური გარემო, კოშკები, ბუნება და ყველაფერი. სამწუხაროდ, სვანეთში არ ვყოფილვარ და ჩემი იქ წასვლის წყურვილი ტილოზე გადმოვეცი. მიყვარს ნატურმორტების ხატვაც, ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია „შემოდგომის ხილი“, რომლის დახატვა შთამაგონა მხატვარ  jacob bogdani-ის ნახატმა.
–  რომელი მხატვრები გიყვართ?
– ძალიან მიყვარს ვინსენტ ვან გოგის შემოქმედება, განსაკუთრებით – „ვარსკვლავებიანი ღამე” და „ყანა შტორმის ღრუბლის ქვეშ“. ჩემს ყურადღებას იქცევს მისი ფერები და სტილი. როდესაც მის ნამუშევრებს ვუყურებ, ყოველთვის ვფიქრობ, რასაც ვგრძნობ,  თითქოს ის ყველაფერი გადმოცემული აქვს თავის ნახატებში.  ძალიან მიყვარს კლოდ მონე და მისი ერთ-ერთი ნამუშევარი  –  „შთაბეჭდილება, მზის ჩასვლა”.
ქართველი მხატვრებიდან გენიალური ნახატებით გამოვარჩევდი ელენე ახვლედიანს.
თვითნასწავლი ხართ… სრულიად ახალგაზრდა. დღეს ბევრი ხატავს. როგორ უნდა შეძლოს ხელოვანმა, რომ საკუთარი ხელწერა გამოარჩევდეს?
– ვფიქრობ, თითოეული ადამიანი ისედაც გამორჩეულია და ყველა თავისებურად ხატავს, ამიტომ ასე რაიმე კონკრეტულად არ სჭირდება, რომ გამორჩეული იყოს. ყოველი ადამიანი თავისებურად და განსხვავებულად აღიქვამს ყველაფერს და ასევე გადმოსცემს მას ტილოზე ან ქაღალდზე, ასე რომ, ადამიანს უბრალოდ სჭირდება მეტი შრომა და მუშაობა საკუთარ თავზე, რომ განვითარდეს.
– ჰობი…
– ჰობია ხატვა, ხელნაკეთი ნივთების შექმნა, რაც ძალიან მოქმედებს ჩემს განწყობაზე. ამ ყველაფერს ვქმნი ჩემს დასთან და დედასთან ერთად.
– გამოფენები…
– გამოფენებში ვმონაწილეობდი სკოლის პერიოდიდანვე. ახლა უკვე უნივერსიტეტში მქონდა გამოფენა „სამედიცინო გაზეთში“, სადაც უფრო მეტმა ადამიანმა გამიცნო.
– ხელნაკეთ სამკაულებს – ყელსაბამებს, სამაჯურებს, ბეჭდებს ამზადებთ… რა მასალას იყენებთ და თქვენი ნამუშევრებიდან რომელი სამკაული გიყვართ ყველაზე მეტად?
– ვიყენებ ბუნებრივ ქვებს და ბისერებს. ყველაზე მეტად მიყვარს ამეთვისტოთი დამზადებული ყელსაბამი, რომელსაც თითქმის ყველგან ვატარებ.
ნახატების  და სამკაულების  შეძენის მსურველნი  გეხმიანებიან…  საკუთარი ნამუშევრებით დღეს ხელოვანს თავის რჩენა შეუძლია?
– არ მგონია, რომ დღეს მხატვარს თავისი ნამუშევრებით თავის რჩენა შეეძლოს. საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ხელოვნება საკმარისად არ არის დაფასებული და ამიტომ რთულია ამ კუთხით შემოსავლის მიღება. მაგრამ ამის გამო არცერთმა მხატვარმა თავის საქმეს თავი არასდროს უნდა დაანებოს.
ზოგი მხატვარი ვერ ელევა ნამუშევრების გაყიდვას…
– ნამდვილად რთულია, როდესაც ნახატი, რომელშიც მთელი შენი ენერგია და გული ჩააქსოვე, იყიდება და იაზრებ, რომ ის შენს კედელს აღარ დაამშვენებს. მაგრამ, ამასთანავე, მიხარია, რომ ჩემი ნახატი სხვადასხვა სახლის კედელს შეამკობს. როდესაც ნახატი იყიდება,  სტიმულს მაძლევს, რომ უფრო მეტი დავხატო.
– გეგმები…
– მომავალში ჩემს პროფესიულ საქმიანობასთან ერთად ვაპირებ გავაგრძელო ხატვა და უფრო დავხვეწო. ვეცდები, უფრო მეტ ადამიანს გავაცნო და დავამახსოვრო თავი.
                                                                                       

                                                                                                                        თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები