მედია: აშშ-ირანის შეთანხმება თეირანისთვის მილიარდი დოლარის საინვესტიციო ფონდის შექმნას ითვალისწინებს

ჩარჩო შეთანხმება, რომელსაც აშშ და ირანი ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ დაასრულებენ, ირანის ეკონომიკაში 300 მილიარდი დოლარის საინვესტიციო ფონდის შექმნას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საინვესტიციო ფონდი მიზნად ისახავს ორივე მხარისთვის ეკონომიკური სტიმულის მიცემას, რათა მათ საბოლოო შეთანხმებას მიაღწიონ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ირანის ბირთვულ პროგრამასაც მოიცავს.

წყაროს ცნობით, ახალი ფონდი კერძო საინვესტიციო ინსტრუმენტია და არა აღდგენის ან რეპარაციების პროგრამა და არ გულისხმობს სახელმწიფო სახსრების ან გრანტების გამოყენებას.

ირანში ინვესტირების ინტერესი გამოთქვეს კომპანიებმა აშშ-დან, სპარსეთის ყურიდან, აზიიდან, სამხრეთ ამერიკიდან და აფრიკიდან.

„როიტერსის“ ცნობით, დაპირებული თანხის ნახევარზე მეტი უკვე მოზიდულია. დაპირებული ინვესტიციები ისეთ სექტორებს მოიცავს, როგორიცაა ენერგეტიკა, ლოჯისტიკა და ტრანსპორტი.

ირანული წყაროს ცნობით, თეირანმა თავდაპირველად აშშ-სგან ომის შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციის სახით 400 მილიარდი დოლარი მოითხოვა, თუმცა ვაშინგტონმა განაცხადა, რომ თანხებს არ გამოყოფდა. სწორედ ამან გააჩინა იდეა ფონდის შექმნის შესახებ, რომელსაც „რეკონსტრუქციისა და განვითარების ფონდი“ ეწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები