რუსთავში დაიბადა და გაიზარდა. პროფესიით ქიმიკოსია. მუშაობდა რუსთავის აზოტის ქარხანაში. შემდეგ ისე მოხდა, რომ სამშობლოს დატოვებამ მოუწია. და… ცხოვრების ახალი ეტაპიც დაიწყო. უკვე 8 წელია იტალიაში ცხოვრობს. პანდემიის პერიოდში დაიწყო თოჯინების შექმნა, რაშიც დიდი ემოცია და ფანტაზია ჩააქსოვა. მისმა ნამუშევრებმა საზოგადოების დიდი მოწონება მაშინვე დაიმსახურა.
თოჯინები ფლორენციაში გამოიფინა, ასევე მონაწილეობდა ორ საქველმოქმედო გამოფენაში. ამავდროულად, ფსიქოლოგიის განხრით სხვადასხვა მიმართულებას დაეუფლა. დღეს ემიგრანტებს ეხმარება ცხოვრების ახალ ეტაპებთან ადაპტაციასა და გამკლავებაში. – ლალი ნიაზაშვილის პერსონა.
– ბავშვობიდანვე ყველაფერი მაინტერესებდა – მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, დაკვრა, მაგრამ დედას არ შეეძლო, ყველა წრეზე ვეტარებინე. ამიტომ ყველაფერი ჩემით ვისწავლე. ახლა, ამ გადმოსახედიდან, ვფიქრობ: როცა რაიმე ძალიან გინდა, გზას ყოველთვის იპოვი.
– აზოტის ქარხანაში მუშაობდით, შემდეგ კი დატოვეთ საქართველო. ძნელი იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა?
– ქიმიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ 35 წლის განმავლობაში ვმუშაობდი რუსთავის ქიმიურ ქარხანაში. ნამდვილად არ იყო ადვილი სამშობლოს დატოვება და სამსახურის შოვნა, ამ ნაბიჯის გადადგმა სიძნელეზე მეტად, აუცილებელი იყო, ვინაიდან დავკარგე სახლი და პრობლემის მოსაგვარებლად იტალიაში წასვლა გადავწყვიტე.
– პანდემიის დროს თოჯინების შექმნა დაიწყეთ. პირველი თოჯინა…
– ნამდვილად რთული პერიოდი იყო. პანდემიის დროს ყველას სახლში ყოფნამ მოგვიწია. ვინაიდან ვმუშაობ მოხუცის მომვლელად, დიდი პასუხისმგებლობაა. მას უნდა შევუქმნა კომფორტი და მყუდრო გარემო. მთლიანად გადავერთე მისთვის კომფორტის შექმნაში. სახლში ბევრი საქსოვი ძაფი ჰქონდა. ვინაიდან ხელსაქმე კარგად მიხერხდება, ჩემს მოხუცსაც დავაწყებინე ფერადი ქაღალდებისგან ყვავილების გაკეთება. შემომექსოვა ერთი ქუდი, რომელიც არ მომეწონა. ამიტომ გადავწყვიტე მისი გადაკეთება.
პირველი თოჯინა სწორედ ასე დაიბადა – ქუდი გადავაკეთე თოჯინად და მას ქუდბედნიერი ვუწოდე.ის ვაჩუქე ჩემს ქალბატონს, როგორც თილისმა. მას ეს თოჯინა სულ ხელში ეჭირა. მას შემდეგ არ გავჩერებულვარ. ამ ექვსი წლის განმავლობაში შეიქმნა სამასამდე თოჯინა. თოჯინების ერთ-ერთი ჩემი პირველი კოლექცია ბელგიაში თოჯინების კოლექციონერმა შეისყიდა.
– მას შემდეგ თოჯინებს ქმნით… ფლორენციაში გამოფენაშიც მონაწილეობდით…
– როდესაც ჩემი თოჯინების კოლექცია გავიტანე ფლორენციის გამოფენაზე, ჩვენი თანამემამულეებიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა საქმიანობით. ეს იყო ჩემთვის დაუვიწყარი დღე. პირველად ავედით სცენაზე, სადაც ორიოდე სიტყვით უნდა მეთქვა ჩემი საქმიანობის შესახებ. ჩემი გულისცემის მე თვითონ მესმოდა. ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემს საყვარელ თოჯინებზე ველაპარაკებოდი საზოგადოებას. დღემ არაჩვეულებრივად ჩაიარა.
– მონაწილეობდით საქველმოქმედო გამოფენებშიც…
– პირველი გამოფენა: ვის ოჯახშიც ვმუშაობდი, მან მომცა სრული თავისუფლება, სწავლის უფლება. ყველანაირად მიწყოვდნენ ხელს. როდესაც ჩემი ჯოვანა (ასე ერქვა ჩემს ქალბატონს) ცუდად გახდა, ეკლესიიდან ყოველთვის მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც მას აზიარებდნენ, გალობდნენ, ფსალმუნებს უკითხავდნენ. ძალიან მინდოდა ამ იტალიელი ადამიანებისთვის რაიმე გამეკეთებინა.
ჩემი თოჯინების კოლექცია წავიღე მათ ეკლესიაში. თოჯინებიდან აღებული ფული მოხმარდათ იმ ადამიანებს, ვინც ჩემი ჯოვანასადმი ყურადღებას და პატივისცემას გამოხატავდა. აგრეთვე, იმ ადამიანებს, რომლებიც მარტო ცხოვრობდნენ და ფინანსურად შეჭირვებულები იყვნენ.
თოჯინები საქართველოში მეორე საქველმოქმედო გამოფენისთვისაც გავგზავნე, როცა დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გამართულ გამოფენაში ვმონაწილეობდი. თანხა უკრაინელ ხალხს მოხმარდა. მესამე საქველმოქმედო გამოფენისთვის გამზადებული მაქვს ნამუშევრები. უკვე მივიყვანე „ჩემი გოგონები“ (ასე მოვიხსენიებ) იტალიაში, ეკლესიაში, სადაც ასევე ეხმარებიან ფინანსურად შეჭირვებულ ხალხს. მარტოხელა ადამიანებს, ვისაც არავინ ჰყავთ.
– როგორ მუშაობთ? შთაგონება თუ გჭირდებათ?
– ჩემი ოჯახი, სადაც ვმუშაობდი და სრულ თავისუფლებას მაძლევდა, იყო ჩემი შთაგონების წყარო. ისინი უსიტყვოდ მისრულებდნენ ყველა სურვილს, თუკი რაიმე მჭირდებოდა ან თოჯინებისთვის, ან სწავლისთვის. მე მათ ოჯახში დავამთავრე ფსიქოლოგიის რამდენიმე დარგი. ეს ოჯახი ჩემთვის შთაგონების წყარო იყო. მე ვქმნიდი თოჯინებს სიყვარულით, სითბოთი. ეს ოჯახი ჩემთვის ადამიანობის მაგალითი აღმოჩნდა. თუ როგორ შეიძლება უსიტყვოდ და ჩუმად, მხოლოდ საქმით აკეთო ის, რომ სხვა იყოს ბედნიერი. ქედს ვიხრი მათ წინაშე.
– ეხმარებით ემიგრანტებს…
– ის, რომ მე დღეს გადავწყვიტე ემიგრანტებს დავეხმარო ჩემი ცოდნით, ვისაც ეს სჭირდება. ძალიან დიდი მაგალითი სწორედ ზემოხსენებულმა ოჯახმა მომცა. მათ ჩემთვის უანგაროდ გააკეთეს ყველაფერი და ასევე მინდა, მეც უანგაროდ გავაკეთო ჩემი ემიგრანტებისთვის ის, რაც ვისწავლე და ამით ვიყო ბედნიერი. მე ვხედავდი იმ ბედნიერი ადამიანების თვალებს, რასაც იღებდნენ ისინი ჩემგან. დღეს მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე, და თუკი ერთი ემიგრანტი მაინც ბედნიერი იქნება ჩემი დახმარებით, მეც ბედნიერი ვიქნები.
– ფლორენცია… მუზეუმ-ქალაქი… საოცრებათა ქალაქი… გარემო თუ გაძლევთ სტიმულს შემოქმედებითი მუშაობისას?
– ფლორენცია… ეს არის საოცრება და საოცნებო ქალაქი, ქალაქი მუზეუმი ღია ცის ქვეშ. სამწუხაროდ, დიდხანს ვერ მოვახერხე ამ ქალაქის დათვალიერება, იმდენი საოცარი მუზეუმი აქვს, ყველაფერი თითქმის მუზეუმია, უბრალო ჩვეულებრივი სახლიც კი. ჩემი სამუშაო ისეთი იყო – გამოუსვლელი, ანუ ექვსი წელი გამოუსვლელად ვმუშაობდი იმ ჩემს კარგ ოჯახში. ასე რომ, ბოლომდე ვერ შევისრუტე ფლორენცია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სანამ საქართველოში დავბრუნდები, აუცილებლად ყველა მუზეუმს მოვინახულებ.
– საინტერესო ამბავი…
– როცა ჩემს თოჯინებს საკუთარი ფანტაზიით ვქმნი, ისეთი არაფერი ხდება, თუმცა მოხდა ასეთი რამეც – როცა თოჯინას სხვისთვის ვქმნიდი, თოჯინები მთელ ისტორიას მიყვებოდნენ პატრონის შესახებ. ზოგი ისტორია ძალიან სევდიანი იყო. ამიტომ თოჯინებს შეკვეთით არ ვაკეთებ. მხოლოდ ჩემი ოცნების თოჯინებს ვქმნი… ამ საქმიანობაში მხოლოდ სიყვარული, სითბო, ბედნიერება და სურვილების ასრულებაა ჩაფიქრებული…
– ოჯახი…
– ჩემი ოჯახი ჩემთვის ციხესიმაგრეა და ჩემი ნავსაყუდელი. დიდი ოჯახი მყავს – სამი შვილი და 7 შვილიშვილი.
– გაქვთ თოჯინების ლოგო და კონცენფია: „მე ვქმნი საკუთარ თავს“…
– თოჯინების შექმნის პროცესში მოვიდა ლოგოს შექმნის იდეა თავისი წარწერით: „მე ვქმნი საკუთარ თავს“ და, მართლაც, თოჯინების შექმნის დაწყებით უკვე ვქმნიდი საკუთარ თავს, თოჯინებში არის გადმოცემული ყველაფერი ის, რაც ჩემს შიგნით იყო და მზის შუქზე გამოვიდა, თუკი ბავშვობაში რამე მიოცნებია და მინატრია. საერთოდ, მეოცნებე ბავშვი ვიყავი. ყველაფერი თოჯინებში გადმოვიტანე. ზოგი მასწავლებელია, ზოგი მსახიობი, თამარ მეფეც გავაკეთე, პრინცესაც გავაკეთე, თუკი რომელიმე თოჯინა არის შექმნილი, ჩემი შინაგანი ანარეკლია.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმებია, რომ არ გავჩერდე, გავაგრძელო განვითარება, გავიარო ქოუჩის ყველა საფეხური, პარალელურ რეჟიმში კი დავეხმარო ემიგრანტებს მიზნის მიღწევაში. ჩემი მიზანია, ვიხილო ბედნიერი ადამიანის თვალები, და თუ ჩემი საქმიანობით ერთი ადამიანი მაინც იქნება ბედნიერი, მე ორმაგად ბედნიერი ვიქნები.







თამარ შაიშმელაშვილი