რამდენიმეთვიანმა კვლევამ ძალიან საინტერესო ამბავი ამოტივტივა, ადამიანებს, ვინც გაწვრთნილები იყვნენ ცრუ ინფორმაციის სწრაფად გამოვლინებაში, თავდაჯერება გაუქრათ – რის შესახებ წერს გურამ მეგრელიშვილი 

“ფეისბუკმა შინაარსის მოდერაციის განყოფილება შექმნა, რომლის თანამშრომლებს ათასგვარი ნაგვისგან, ცრუ შინაარსისგან, ყალბი ამბებისგან, პროპაგანდისა და ძალადობრივი მოწოდებებისგან ვირტუალური სივრცის გაწმენდა ევალებათ.
სადაც დემონებთან ბრძოლას იწყებენ, იქ ჯვრითა და ვერცხლისწყლით შეიარაღდებიან ხოლმე, ამიტომ მოდერატორებთან მუშაობა ფსიქოლოგებმაც დაიწყეს და რამდენიმეთვიანმა კვლევამ ძალიან საინტერესო ამბავი ამოტივტივა – ადამიანებს, ვინც გაწვრთნილები იყვნენ ცრუინფორმაციის სწრაფად გამოვლინებაში, თავდაჯერება გაუქრათ. ათობით, ასობით, ათასობით Fake News-ის წაკითხვის შემდეგ, ისინი შინაარსის წაკითხვაზე სამჯერ მეტხანს ფიქრობდნენ, ვიდრე პროექტში ჩართვისას მოანდომებდნენ.
როგორც ჩანს, სიცრუის დემონებმა მათშიც შეაღწიეს”,- ამის  შესახებ მწერალი გურამ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“პროპაგანდისა და ცრუინფორმაციის ტექნოლოგიებში დახელოვნებული სპეციალისტები ამბობენ, რომ გავრცელებული ამბის შინაარსს სულაც არ აქვს მნიშვნელობა და მთავარი მისი გამეორებადობაა.
მაგალითისთვის, ადამიანები, ვისაც მარსის ექსპედიციების პირობებში დედამიწის სიმრგვალის არ სჯერათ და ამტკიცებენ, რომ ლურჯი პლანეტა სინამდვილეში ბრტყელია, რამდენიმე ათეული მილიონია.
თუ ახლა ამ „მეცნიერულ“ თეორიაზე გეცინებათ, ჩაატარეთ ექსპერიმენტი და ნახეთ ყველაფერი, რაც „ბრტყელი დედამიწის თეორიის“ მომხრეებს შეუქმნიათ – ფილმები, ბლოგები, სტატიები, სიუჟეტები და თქვენი რწმენა, რომ მრგვალ პლანეტაზე ცხოვრობთ, სერიოზულ გამოცდას გაივლის. რატომ? ამას თავისი ფსიქოლოგიური ახსნა აქვს:
როდესაც სულელური ამბავი პირველად გვესმის, მას იგნორს ვუკეთებთ, მაგრამ საკმარისია ეს ამბავი განმეორებით, ბევრჯერ და ნაცნობებისგან მუდმივად გავიგოთ, რომ სულელური ამბავი ნაკლებად სულელურად გვეჩვენება და ახლა უკვე ვისმენთ ნაკლებად სულელურ ამბავს განმეორებით და განმეორებით. ნაკლებად სულელური ისტორია მალე გადაიქცევა დასაფიქრებელ საკითხად და ახლა „დასაფიქრებელ საკითხს“ ვუსმენთ პერმანენტულად და ასე ხდება ჩვენი გონების მოთვინიერება.
ექსპერიმენტატორებმა 1000 კაციან უნივერსიტეტში, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს შორის ჩატარებულ ექსპერიმენტში რამდენიმე მსახიობი ცდისპირი ჩასვეს. სტუდენტებს წააკითხეს მცდარი სამეცნიერო დასკვნა, რაც მათ პროფესიულადაც უნდა სცოდნოდათ. პირველი გამოკითხვისას, სტუდენტების 0.1 %-მა შემოხაზა ვერსია „სავსებით შესაძლებელია“, მაგრამ მსახიობმა ცდისპირებმა დაიწყეს ამ თემაზე გამუდმებით ლაპარაკი სასადილოში, წერდნენ ბლოგებს, იშველიებდნენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ლექციებზე სვამდნენ შეკითხვას კონკრეტულ საკითხზე და 6 თვის შემდეგ ჩატარებულმა კვლევისას გრაფა „სავსებით შესაძლებელია“ უკვე 18 %-მა შემოხაზა. პროპაგანდის მანქანა ამუშავდა. ახლა, ხელოვნური ჩარევების გარეშე, 1000 სტუდენტიდან 180 მათგანი დამოუკიდებლად დაეჭვდა სიმართლეში, რაც მათ დაზუსტებით იცოდნენ.
 სტუდენტები თანამედროვე ტექნოლოგიების ფაკულტეტზე სწავლობდნენ, საკითხი კი ეხებოდა 5G ანტენებით ადამიანის გონების მართვის მოარულ ვერსიას.
ლუდვიგ ფოიერბახის ცნობილი გამოთქმა „ადამიანი ისაა, რასაც ჭამს“ პერიფრაზს თუ მოვახდენთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი ხდება ის, რასაც კრიტიკული აზროვნების გარეშე და გამუდმებით უყურებს.
დაწერილია “საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონისთვის” 2019″,- წერს მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები