ოთარ ანგურიძე: საკმაოდ საინტერესო სურათი აჩვენა საქართველომ თავისი ეკონომიკური ზრდა-განვითარების მიმართულებით
„საკმაოდ საინტერესო სურათი აჩვენა საქართველომ თავისი ეკონომიკური ზრდა-განვითარების მიმართულებით იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვნახეთ, რომ პოსტკოვიდური კრიზისი საქართველომ ძალიან სწრაფად დაძლია ფაქტობრივად, კოვიდის შემდგომ თითქმის, ორწლიანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს”,- ამის შესახებ ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ, ,,იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
,,მეორე დიდი გამოწვევა, რაც დაემთხვა ჩვენს ეკონომიკას, ეს არის ჩვენი ორი მეზობელი ქვეყნის ომი. ერთის მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთ-უკრაინა უკვე სამი წელია, უწყვეტად ომობს და მეორე მხრივ ამ პერიოდში გვქონდა ჩვენს სამხრეთით აზერბაიჯან-სომხეთის შეიარაღებული კონფლიქტი, რაც ბუნებრივია, პოტენციურად, შეიძლებოდა, ჩვენი ეკონომიკისათვის საფრთხე ყოფილიყო.
ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის ორი კონფლიქტის მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკა მაინც უწყვეტად თითქმის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას აფიქსირებს. ეს ისეთი მოცემულობაა, შეიძლება ითქვას, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოდელი მომავალში აუცილებლად აისახება სახელმძღვანელოებში, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში შეიძლება ისწავლებოდეს.
ამის [ეკონომიკური ზრდის] მიზეზი უპირველესად, იყო გაცხადებული მშვიდობა, რომელიც ჩვენმა მთავრობამ დააფიქსირა ჯერ კიდევ სამი წლის წინ, როდესაც პირველად მოხდა შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთ-უკრაინას შორის – რომ ჩვენთან არ იქნება ომი, რომ ჩვენ არ ვგეგმავთ ჩვენი კონფლიქტური რეგიონების საომარი მოქმედებების შემოერთებას ჩვენს იურისდიქციაში. ჩვენ გვინდა მშვიდობა, საუბარი და იმ ურთიერთობების აღდგენა, რაც გვაკავშირებდა ამ ჩვენ მოძმე ხალხებთან”, – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.