„ის, რაც ახლა ხდება, ძალიან კარგია, ბაზარს და მომხმარებელს არაჰიგიენურ პირობებში დამზადებული პროდუქციისგან დავიცავთ” – კახა კონიაშვილი თბილისსა და რეგიონებში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოების გამოვლენაზე
“ის, რაც ახლა ხდება, ძალიან კარგია, ერთი მხრივ, ჩვენ ბაზარს, მომხმარებელს არაჰიგიენურ პირობებში დამზადებული პროდუქციისგან დავიცავთ. გარდა ამისა, სხვა არალეგალური კომპანია, რომელიც ამას შეხედავს და რეალურად დაინახავს, რომ სახელმწიფო არალეგალურ, არაკეთილსინდისიერ მეწარმეობას ებრძვის, გონს მოეგება და თავის ბიზნესსაქმიანობას ლეგალურ ჩარჩოებში მოაქცევს”- ამის შესახებ „რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, კახა კონიაშვილმა, თბილისსა და რეგიონებში ბოლო პერიოდში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოების გამოვლენასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კონიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, არალეგალური საწარმოები ხშირ შემთხვევაში რძის პროდუქტებს არაჰიგიენურ პირობებში აწარმოებენ. მისივე თქმით, არაჰიგიენურ პირობებში დამზადებული ყველი და სხვა რძემჟავა ადამიანის ჯანმრთელობისთვის , შეიძლება, ძალიან დიდი რისკის შემცველი იყოს.
“ძალიან დადებითად მინდა, შევაფასო ის ფაქტი, რასაც “სურსათის ეროვნული სააგენტო” აკეთებს. ის ქმედებები, რასაც სააგენტო ახორციელებს უფრო ადრე და ინტენსიურად იყო დასაწყები. ჩვენ, ასოციაცია, სექტორში მომუშავე ლეგალური კომპანიები, მომხმარებლები , რომლებიც ჩვენთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან, ყოველთვის ამაზე ვბჭობდით, ხელისუფლებასთანაც და “სურსათის ეროვნულ სააგენტოსთანაც” მუდმივად გვქონდა იმაზე საუბრები, რომ ის სიტუაცია, რომელიც არალეგალურ საწარმოებს ეხება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში რძის პროდუქტებს (ზოგჯერ ფალსიფიცირებულს) არაჰიგიენურ პირობებში აწარმოებდნენ, მოსახლეობის ჯანმრთელობას ძალიან დიდ საფრთხეს უქმნიდა, რადგან მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის არაჰიგიენურ პირობებში დამზადებული ყველი, სხვა რძემჟავის პროდუქტები ძალიან დიდი რისკის შემცველი შეიძლება იყოს. მეორე მხრივ – არალეგალური, არარეგისტირებული საწარმოები სახელმწიფო ბიუჯეტში არანაირ გადასახადს არ იხდიდნენ, შესაბამისად, სახელმწიფო საკმაოდ დიდ შემოსავალს კარგავდა. მესამე – ეს არალეგალური საწარმოები, რომლებიც გადასახადებს არ იხდიდნენ, თავიანთ პროდუქციას ძალიან დაბალ ფასში ყიდდნენ და პრობლემა იყო არაკეთილსინდისიერი, არასათანადო კონკურენცია, რადგან ლეგალური საწარმოები თამაშგარე მდგომარეობაში რჩებოდნენ. მეოთხე – როდესაც ასეთი არაკეთილსინდისიერი კონკურენციაა, ინვესტორი , რომელიც დაინტერესებულია, რომ ამ მიმართულებით თანხები ჩადოს, თავს იკავებდა, რადგან ამ პირობებში განვითარების შესაძლებლობებს ვერ ხედავდა.
ამიტომ, ის, რაც ახლა ხდება, ძალიან კარგია, ერთი მხრივ, ჩვენ ბაზარს, მომხმარებელს არაჰიგიენურ პირობებში დამზადებული პროდუქციისგან დავიცავთ. გარდა ამისა, სხვა არალეგალური კომპანია, რომელიც ამას შეხედავს და რეალურად დაინახავს, რომ სახელმწიფო არალეგალურ, არაკეთილსინდისიერ მეწარმეობას ებრძვის, გონს მოეგება და თავის ბიზნესსაქმიანობას ლეგალურ ჩარჩოებში მოახდენს. სურსათის წარმოება იოლი საქმე არაა. ეს არის საქმე, რომლის დროსაც საწარმო მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა გყავდეს, რათა იქ რამე მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ მოხდეს, გარდა ამისა, ქვეყნის მოსახლეობისა და სახელმწიფოს წინაშე მთელი რიგი ვალდებულებებია”- განაცხადა კონიაშვილმა.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში “სურსათის ეროვნულმა სააგენტომ” თბილისსა და რეგიონებში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა. სააგენტოს მიერ, 17 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, სურსათის უწყების ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში რძის გადამმუშავებელი 4 არალეგალური საწარმო გამოავლინეს. მათი ცნობით, ყველა მათგანი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე საქმიანობდა.
“ქვემო ქართლში განხორციელებული შემოწმების შედეგად ამოღებული და დალუქულია დიდი რაოდენობით რძე და რძის ნაწარმი.
კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
• ფიზიკური პირი გ. კ. მისამართი: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. რატევანი. ამოღებული და დალუქულია 150 ლიტრი რძე.
• ფიზიკური პირი ც. მ. მისამართი: ბოლნისის მუნიციპალიტეტი სოფ.რატევანი. ამოღებული და დალუქულია 530 ლიტრი რძე და 100 კილოგრამი სულგუნი.
• ფიზიკური პირი ც. მ. მისამართი: ბოლნისი, გრიგოლ ხანძთელის N11; ამოღებული და დალუქულია 500 ლიტრი რძე, 200 კილოგრამამდე ყველი და ნადუღი, 100 კილოგრამამდე სულგუნი, 40 ლიტრი -მცენარეული ცხიმი; 5 ტომარა რძის ფხვნილი(125 კგ).
• ფიზიკური პირი პ. ა. მისამართი: ბოლნისი სოფ: რატევანი. ამოღებული და დალუქულია 400 ლიტრი რძე და 70 კილოგრამი სულგუნი”- წერია სააგენტოს ინფორმაციაში.
“სააგენტოს მიერ 16 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო თბილისშიც გამოავლინეს.
„შპს. სანდო“ (მისამართი: ქ. თბილისი, გ. ნადარეიშვილის N5, ს.კ 406121913) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე საქმიანობდა. ამავდროულად ინსპექტირებისას დადგინდა, რომ სურსათის წარმოებისას დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნები. ამოღებული და დალუქულია 419 ქილა მაწონი, 10 კილოგრამზე მეტი ყველი, 35 ცალი დაფასოებულ რძე (1 ლიტრიანი შეფუთვა), 110 ლიტრა რძე. კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა”- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ასევე, “სურსათის ეროვნული სააგენტოს” მიერ 11 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, რძის გადამმუშავებელი არარეგისტრირებული საწარმო ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს.
“ინდივიდუალური მეწარმე ი.ბ. (მისამართი: კლდიაშვილის ქ.18) ბიზნესსაქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ეწეოდა.
ამავდროულად, ინსპექტირებისას დადგინდა, რომ მეწარმე რძის გადამუშავებასა და სურსათის წარმოებას (ყველი, შებოლილი სულგუნი, მაწონი) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სტანდარტების დარღვევით ახორციელებდა. ამოღებული და დალუქულია 250 კგ ყველი და 192 ქილა მაწონი. კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი”- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ” ცნობით, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი 251 ბიზნესოპერატორია რეგისტრირებული.
“ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია და სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი აღიარება, ნიშნავს, რომ წარმოება შესაბამისი სტანდარტებით ხორციელდება. თუმცა, გამოწვევად რჩება არარეგისტრირებული წარმოება, რომელთა გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზრის მუდმივ კონტროლს ახორციელებს.
მიმდინარე წელს, რძისა და რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან 3600-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა. სააგენტოს მიერ გამოვლენილია 36 არარეგისტრირებული წარმოება”- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თამუნა შეყილაძე