“მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკოსი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას; ჩვენთვის მთავარია, რომ ვესაუბრებით ხალხს” – კალაძე
“არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს, რამდენი პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკოსი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის თემაზე ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
„ერთი რამ ცხადია, ჩვენი მთელი ამ დროის განმავლობაში ვისმენდით ძალიან პრინციპულ პოზიციას, რომ ისინი [ოპოზიცია] არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდნენ. როგორც ჩანს, გარედან შეიცვალა მიდგომა, დამოკიდებულება, უთხრეს ვიღაცებს, რომ უნდა მიიღონ მონაწილეობა და ის პრინციპული პოზიცია, რაც ჰქონდათ, დღეს რადიკალურად შეცვალეს.
თუმცა, არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს, რამდენი პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკოსი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენთვის მთავარი არის, რომ ჩვენ ვესაუბრებით ხალხს, ვისმენთ პრობლემებს, გამოწვევებს. მე თბილისის მაგალითზე შემიძლია, გითხრათ, რომ ყველა უბნის, რაიონის დონეზე დეტალურად ვიცით, თუ რა სჭირდება ქალაქს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ის გამოწვევები დაიძლიოს და პრობლემებს გაეცეს ღირსეული პასუხი.
ხალხმა დაინახა ის, რომ ჩვენ შეგვიძლია საქმის კეთება, რასაც ვამბობთ, ვაკეთებთ. არის ისეთი საკითხები, სადაც გვაქვს პრობლემები. თუმცა, ამაზეც ღიად ვსაუბრობთ და არ გვერიდება. ეს არის ჩვენი ძალიან დიდი ძალა, რომ ხალხთან დღემდე ჩვენ არ გაგვიწყვეტია კომუნიკაცია. გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა სხვადასხვა პროექტზე, გასაკეთებელ საქმეებზე და მოსაწესრიგებელ საკითხებზე, რომლებიც არსებობს დედაქალაქში”, – აღნიშნა კალაძემ.