იტალიაში გარდაცვლილად გამოცხადებული მამაკაცი “გაცოცხლდა”
იტალიაში 78 წლის მამაკაცი, რომლის გარდაცვალების მოწმობაც ექიმებს უკვე გაცემული ჰქონდათ, ნახევარი საათის შემდეგ ისევ “გაცოცხლდა”,- ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ცენტრალური იტალიის ქალაქ ტარკვინიაში მამაკაცს გულის შეტევა დაემართა. ადგილზე გამოძახებული სასწრაფო დახმარების სამსახურები ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდნენ მამაკაცის გადარჩენას.
მედიის ცნობით, როდესაც მათი ჩარევა უშედეგო აღმოჩნდა და მაშველები კატაფალკას ელოდებოდნენ, მამაკაცმა მოულოდნელად თვალები გაახილა და ქალიშვილები იკითხა.
პენსიონერი მამაკაცი შემდგომში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამჟამად სტაციონარულ მკურნალობას გადის. საავადმყოფოს ცნობით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ექიმები ასეთ შემთხვევებს ე.წ. „ლაზარეს ფენომენს“ უწოდებენ. ეს გულისხმობს გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის უეცარ აღდგენას, რომელიც უკვე წარუმატებლად იყო გამოცხადებული.
“ლაზარეს სინდრომის” პირველი დოკუმენტირებული შემთხვევები 1980-იანი წლებით თარიღდება. მას შემდეგ, მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.