“ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია და საქართველოს მთავრობა, პუნქტობრივად შეგვიძლია გავყვეთ, ყველა ვალდებულებას ასრულებს” – კალაძე
“დღეს გვეუბნებიან, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი უნდა შევაჩეროთ. თან გამოდიან, „მესიჯებს“ აჟღერებენ, რომ კანდიდატის სტატუსი ჩვენ, ქართველ ხალხს მივეცით ანუ ხელისუფლების დამსახურება კი არ არისო, ქართველ ხალხს მივეცით კანდიდატის სტატუსიო. რა გამოდის, ქართველ ხალხს ართმევენ იმ სიკეთეს, რაც ვიზალიბერალიზაციასთან არის დაკავშირებული?”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
როგორც მან განმარტა, “არანაირი კავშირი არ აქვს არც ერთ კანონს და არც მეორე კანონს ვიზალიბერალიზაციის პროცესთან”.
“ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია და საქართველოს მთავრობა, პუნქტობრივად შეგვიძლია გავყვეთ, ყველა ვალდებულებას ასრულებს. ახორციელებს რეფორმებს. შესაბამისად, ამ აღნიშნულ ორ კანონს არანაირი კავშირი არ აქვს ვიზალიბერალიზაციის პროცესთან. ეს არის სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ევროპული ბიუროკრატია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხდა, ქართველმა ხალხმა მათ უთხრა – არა. მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“. შესაბამისად, ის შემოტევები, თავდასხმები, შეურაცხყოფები, მუქარები, შანტაჟი დღესაც გრძელდება. დღესაც არის სურვილი მათი მხრიდან, რომ როგორმე ხელისუფლებაში მოიყვანონ თავიანთი აგენტურა. ის ადამიანები, ვინც მზად არიან თავიანთი პატრონები რასაც ეტყვიან ყველაფერი შეასრულონ. მათ შორის თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები შემთხვევით არ არის ის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები დარბიან ბრიუსელში და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს პროცესები დაჩქარდეს და საქართველოს შეუჩერონ ვიზალიბერალიზაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.