“ე.წ. რძის სკანდალმა გაყიდვები შეამცირა, თუმცა ახლა კომპანიები ცდილობენ, ნელ-ნელა რეპუტაცია აღიდგინონ, ადგილობრივი მწარმოებლები ამაში დამნაშავეები მართლა არ იყვნენ” – კახა კონიაშვილი
“ე.წ. რძის სკანდალმა, რა თქმა უნდა, გაყიდვები შეამცირა, თუმცა, ახლა კომპანიები ცდილობენ, რომ ნელ-ნელა რეპუტაცია აღიდგინონ, რადგან ისინი ამაში დამნაშავეები მართლა არ არიან, ადგილობრივ მწარმოებლებზე მაქვს საუბარი” – ამის შესახებ „რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, კახა კონიაშვილმა, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რისკი იმისა, რომ საქართველოში დამზადებული რძის პროდუქტი ჯანმრთელობისთვის რაიმე დამაზიანებელი, შეიძლება, იყოს, ძალიან მიზერულია, შეიძლება, ითქვას, რომ ეს რისკები არც არსებობს.
“ამ შემთხვევამ ქართული რძის წარმოებაზე, სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ზეგავლენა იქონია, კონკრეტულად ერთ კომპანიაზე და ზოგადად სექტორზეც, იმიტომ, რომ როგორც თქვენ ახსენეთ, მომხმარებლებმა ნდობა დაკარგეს. ეს ყველაფერი იყო არასათანადო და არასწორი კომუნიკაციის შედეგი, რადგან მაგალითისათვის, ხშირად ისეთ ფაქტებს, რომელიც ნაკლებად მნიშვნელოვანია, უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ვიდრე ისეთ ფაქტებს, მაგალითად, როდესაც სურსათი, რძის პროდუქტები ღია გარემოში, მზეზე, სიცხეში იყიდება. ამას ყურადღებას, სამწუხაროდ, არავინ აქცევს და ყოველთვის ყველას ჰგონია, რომ ეს ის პროდუქტებია, რომელიც ვიღაცის ბებომ თბილისში, ან რომელიმე ქალაქში გამოაგზავნა, მას სიამოვნებით ვყიდულობთ და ბავშვებს ვაჭმევთ. ამ დროს ყველაზე მთავარი რისკის შემცველი პროდუქტები ჩვენს გარშემო იყიდება. ამ დროს კი არის ის, რომლის სადარაჯოზე ვდგავართ ჩვენც, ასევე “სურსათის ეროვნული სააგენტოც”, რომლის მეშვეობითაც ის ფაქტი გამოვლინდა. თუმცა, რძე , რომელზე ჩვენ საუბარი გვქონდა, საქართველოში წარმოებული არ იყო. ეს იყო ყველაზე სავალალო, იმიტომ , რომ პროდუქტმა , რომელიც არ იყო საქართველოში წარმოებული და იყო იმპორტირებული, ქართულ წარმოებას დაარტყა. უბრალოდ, ეს პროდუქტი ერთ-ერთი კომპანიის დასახელების ქვეშ კეთდებოდა.
ამან [ე.წ. რძის სკანდალმა] , რა თქმა უნდა, გაყიდვები შეამცირა, თუმცა ახლა კომპანიები ცდილობენ, რომ ნელ-ნელა რეპუტაცია აღიდგინონ, რადგან კომპანიები ამაში დამნაშავეები მართლა არ იყვნენ. ადგილობრივ მწარმოებლებზე მაქვს საუბარი. არის კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ქართულ კომპანიებს აქვთ დანერგილი, პლუს “სურსათის ეროვნული სააგენტოს” კონტროლის მექანიზმებია, რომლებიც კომპანიას მუდმივად კონტროლის ქვეშ ამყოფებენ, ასევე მომხმარებელთა ორგანიზაციებია, იგივე momxmarebeli.ge , რომლებიც ჩვენს მწარმოებლებს მუდმივად კონტროლის ქვეშ ამყოფებენ. ამიტომ, რისკი იმისა, რომ აქ დამზადებული პროდუქტი რამე დამაზიანებელი იყოს ჯანმრთელობისათვის, ძალიან მიზერულია, შეიძლება, ვთქვათ, რომ ეს რისკები არც არსებობს, ამიტომ ენდეთ ქართულ პროდუქტებს, ენდეთ შეფუთულ, ეტიკეტირებულ პროდუქტებს. დანარჩენი უკვე გემოვნების ამბავია, ვიღაცას ერთი მწარმოებლის პროდუქტი მოსწონს, ვიღაცას მეორის და ა.შ”- განაცხადა კონიაშვილმა.
ცნობისთვის, აპრილში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა. სააგენტოს ცნობით, სარეალიზაციო ქსელიდან სრულად იქნა ამოღებული რძის (“სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1 დაფიქსირდა.