“რატომ არ უნდა გვინდოდეს ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობა? მაგრამ არა ისე, რომ რადგან პატარა ქვეყანა ვართ, ვიღაცამ ზემოდან გადმოგვხედოს და დავალებები მოგვცეს” – კალაძე

“ეს შემოტევები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. მაქსიმალურად ეცდებიან იმას, რომ ჩაერიონ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში, არჩევნებში მათ შორის. ეს „დიფ სთეითის“ ჩვეულებრივი დღის წესრიგია”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ თქვა, „დიფ სთეითი“ შეეცდება, რომ ყველა მეთოდის გამოყენებით მიაღწიოს სასურველ მიზანს.

„ეს მარტო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. ყველგან, სადაც ისინი იღებენ არასასურველ შედეგს ან პოლიტიკურ პარტიას აუქმებენ საერთოდ ან თვითონ კანდიდატს უქმნიან სერიოზულ პრობლემებს. ავიღოთ რუმინეთის მაგალითი, ავიღოთ მოლდოვiს მაგალითი. მოლდოვაში საერთოდ ოპოზიციური ტელევიზია, მედია არ არსებობს. ოპოზიციური პარტიები გააუქმეს. გერმანიაშიც იგივე განცხადებები კეთდებოდა ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებით. რა არის კიდევ მთავარი, ერთი და იგივე „მესიჯი“, შეფუთვა, რომ შენ ხარ „რუსეთუმე“ და ატარებ რუსეთის ინტერესებს. 2012 წლიდან ვართ ხელისუფლებაში. ვერც ერთი ადამიანი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე მაქვს მხედველობაში, ამ აგენტურაზე საერთოდ საუბარი არ მაქვს, ვერ იტყვის და ვერ მოიყვანს ვერც ერთ მაგალითს, რომ ჩვენ რაიმე რუსული საქმე გაგვეკეთებინოს ან რუსული ინტერესები გაეტარებინოს საქართველოს ხელისუფლებას. ყველა გადადგმული ნაბიჯი ემსახურება ქვეყნის სიყვარულს და ქვეყნის ინტერესების დაცვას. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ხალხის მიმართ, ქვეყნის მიმართ. საქართველო არის ჩვენი სამშობლო, ჩემი სამშობლოა. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე. საქართველომ მომცა და საქართველოთი ვარ დღეს, როგორც ვარ. შესაბამისად, განსაკუთრებული დამოკიდებულება და სიყვარული მაქვს ჩემი ქვეყნის მიმართ და არ მინდა, რომ რომელიღაცა დიდმა ქვეყანამ, ჩემი პატარა ქვეყანა უდიდესი ტრადიციებით, უდიდესი კულტურის მქონე ხალხი გამოიყენოს თავისი ინტერესების გასატარებლად. ამის მაგალითი გვქონდა ჩვენ 2008 წელს. რა შედეგები მივიღეთ კარგად გვახსოვს ყველას. რა ხდება დღეს უკრაინაში? ნამდვილად არ შედის ის ვითარება უკრაინის ინტერესებში, რაც იქ ხდება.

უნდა დავაფასოთ ეს მშვიდობა, რაც გვაქვს ქვეყანაში. კადრებს ვუყურებდი რა ხდება „დინამო არენაზე“. ეს შემთხვევითი არ არის. ეს ყველაფერი: ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური კეთილდღეობა, განწყობა, ყველაფერი მოაქვს მშვიდობას. გრძელვადიან მშვიდობას დღეს ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები