“საქართველოს მოქალაქეს, პრეზიდენტს, ყველას ერთი ვალდებულება გვაქვს, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, სიწყნარე და არჩევნებში მოქალაქეს ჰქონდეს სრული უფლება, გააკეთოს თავისუფალი არჩევანი” – ყაველაშვილი
“საქართველოს მოქალაქეს, პრეზიდენტს, ყველას ერთი ვალდებულება გვაქვს, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, სიწყნარე და არჩევნებში მოქალაქეს ჰქონდეს სრული უფლება, გააკეთოს თავისუფალი არჩევანი კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ღამის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„პრეზიდენტის ინსტიტუციამ, საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო გარემო უნდა შევქმნათ. ოპოზიციაში არაადეკვატურები არიან, ავნებენ ქვეყანას. პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოიყენეს, რომ დაპირისპირება მომხდარიყო, ამისთვის იყენებენ თვითმმართველობის არჩევნებსაც, ცდილობენ, პოლიტიკური პროცესი შეცვალონ და ასევე ხელისუფლების და რევოლუციური პროცესები განავითარონ. გაიხსენეთ პრეზიდენტის არჩევნები, ჩემი წინამორბედის არჩევნები, რა ხდებოდა, პრეზიდენტის არჩევნებზე ხომ არ ჰქონდათ აქცენტი, ისევ დაირაზმნენ და ისევ რევოლუციური სცენარები იყო. ყველა არჩევნებზე ჰქონდათ რევოლუციური სცენარები. კონკრეტულ სახელმწიფოებს კი არა, შენს ხალხს დაანახე, რომ პოლიტიკური პარტია ვარ, აგერ „ქართული ოცნება“, რაღაცა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ ის შესაძლებლობებით, რომლებიც გვაქვს, უფრო კარგად შეგვიძლია რაღაც გავაკეთოთ. აჩვენე აბა, რის გამკეთებელი ხარ, ამას არ აკეთებენ, დამოკიდებულები არიან. საქართველოს მოქალაქემ ობიექტურად უნდა შეხედოს ყველაფერს, ადვილად ჩანს ყველაფერი, დანარჩენი ხელოვნური თემებია, რომლებიც მილევადია და უნდა გავხადოთ მილევადი, არ მივცეთ საშუალება, ვიღაცამ ქვეყანა აგვირიოს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.