გიორგი ცუცქირიძე IMF-ის ანგარიშზე: ეკონომიკის მაღალი მდგრადობა, ბოლო წლებში სტაბილურმა პოლიტიკურმა გარემომ უზრუნველყო, მიუხედავად გასული წლის დასაწყისიდან დაწყებული ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზირებული საპროტესტო გამოსვლებისა და საგარეო ზეწოლისა

ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნებას ეხმიანება სოციალურ ქსელში, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკამ შთამბეჭდავი მდგრადობა აჩვენა გაზრდილი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად.

გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, „ეკონომიკის მაღალი მდგრადობა, ბოლო წლებში სტაბილურმა პოლიტიკურმა გარემომ უზრუნველყო, მიუხედავად გასული წლის დასაწყისიდან დაწყებული ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლებისა და საგარეო ზეწოლისა“.

ცუცქირიძე, ასევე, აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მიზანი სწორედ ის არის, რომ ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებით, გაზარდონ საპროტესტო ტალღა.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელმა საბჭომ 2025 წლის 21 ივლისს დაასრულა საქართველოსთვის ანგარიშის IV მუხლის ირგვლივ კონსულტაცია საქართველოს ხელისუფლებასთან, ამ კონსულტაციისთვის მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნებაზე.

აქვე აღვნიშნავ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმების დებულების თანახმად, წევრ ქვეყნებთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოქვეყნება ნებაყოფლობითია და მოითხოვს წევრი ქვეყნის ხელისუფლების თანხმობას.

ეს საკითხი გასულ წელს არაერთხელ გახდა სპეკულაციების და არასწორი ინტერპრეტაციების საგანი, განსაკუთრებით ოპოზიციურად განწყობილი საექსპერტო საზოგადოების მხრიდან. ანგარიშის გადავადება კი შეფასდა თითქოს სავალუტო ფონდმა გაწყვიტა ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან და საერთოდ გავიდა ქვეყნიდან.

რეალურად, ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნების გადადება, დიდწილად სებ-ში საბჭოს წევრების ნაწილის გადადგომას უკავშირდებოდა, რამაც საბჭოს ფუნქციონირების სერიოზული, ფაქტობრივად ფორსმაჟორული სიტუაცია წარმოშვა, როდესაც საბჭო 9 წევრიდან 4 წევრით იყო წარმოდგენილი. აქვე განვმარტავ, რომ ვიცე – პრეზიდენტთან ერთად, საბჭოს წევრების ნაწილის გადაწყვეტილება დაუკავშირდა გასული წლის ოქტომბერში ოპოზიციის მიერ, საპარლამენტო არჩევნების არ აღიარების საპროტესტო კამპანიის დაწყებას. მათი ეს გადაწყვეტილება, რომ სპონტანური არ იყო და პოლიტიკურად მოტივირებული გახლდათ, იქიდანაც ჩანს, რომ წლის ბოლოს მათ ისედაც უმთავრდებოდათ წევრობის ვადა.

დღეს, როდესაც სებ-ს ჰყავს არჩეული პრეზიდენტი, ხოლო საბჭო ფუნქციონირებს სრული შემადგენლობით, სსფ-სთან წარმოებულმა აქტიურმა დიალოგმა, როგორც ვხედავთ, ანგარიშის გამოქვეყნებაც, უპრობლემოდ განაპირობა .

თავის მხრივ, მოხსენება მეტად საინტერესოა, რადგან ეკონომიკის შეფასება გარე და შიდა გამოწვევების კონტექსტშია განხილული.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკამ შთამბეჭდავი მდგრადობა აჩვენა გაზრდილი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად. 2021 წლიდან რეალური მშპ-ს ზრდა საშუალოდ წელიწადში 9%-ს აღემატებოდა, რაც განპირობებული იყო პანდემიის შემდგომი ძლიერი აღდგენით და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) და სატრანსპორტო მომსახურების სექტორების ძლიერი ზრდით, რასაც მხარს უჭერდა ფინანსური შემოდინებები და უკრაინაში ომთან დაკავშირებული სატრანზიტო ვაჭრობა. ამ ტენდენციებმა ხელი შეუწყო ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდას და უმუშევრობისა და სიღარიბის დონის შემცირებას. აქვე აღვნიშნავ, რომ ეკონომიკის მაღალი მდგრადობა, ბოლო წლებში სტაბილურმა პოლიტიკურმა გარემომ უზრუნველყო, მიუხედავად გასული წლის დასაწყისიდან დაწყებული ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლებისა და საგარეო ზეწოლისა.

ინფლაცია დაბალი დარჩა მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და ძლიერი ლარის წყალობით, ხოლო სახელმწიფო ვალი პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდა(61 % -დან 36 % -მდე შემცირდა).

მომავალში, ზრდის პროგნოზით, მოკლევადიან პერსპექტივაში, როდესაც გლობალური მშპ ბოლო 30 წლის მიხედვით, ისტორიულ მინიმუმზეა(მორგან სტენლის“ პროგნოზით, გლობალური ეკონომიკა 2025 წელს წლიურად 2.9%-ით, ხოლო 2026 წელს 2.8%-ით გაიზრდება, რაც 2024 წელს არსებულ 3.3%-იან მაჩვენებელთან შედარებითაც კი ნაკლებია) 2025 წელს რეალური მშპ-ს ზრდა, სავარაუდოდ, 7.2%-ს მიაღწევს. მაღალ ზრდას მხარს დაუჭერს ძლიერი შიდა მოთხოვნა და ტურიზმის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ტრანსპორტის სექტორებში ზრდის გაგრძელება, რის შემდეგაც საშუალოვადიან პოტენციალს, საშუალო წლიურ – 5%-ს მიაღწევს, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.

მაღალ ზრდასთან ერთად, ინფლაცია, სავარაუდოდ, 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს დარჩება, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს დაახლოებით 5%-ის დონეზე დასტაბილურდება, წარმოებული გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნებით, ხელისუფლების აქტივში უნდა ჩაითვალოს.

საგარეო რისკფაქტორები დაბალანსებულად არის შეფასებული. პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაცხადებული სატარიფო პოლიტიკის შედეგად, გლობალური სავაჭრო დაძაბულობის პირდაპირი ზემოქმედება შეზღუდულია, აშშ-ში ექსპორტის საქართველოს დაბალი წილის და ძირითადი საქონლის მიმართ პრეფერენციული რეჟიმის გათვალისწინებით. საქართველოს ასევე შეუძლია ისარგებლოს ნავთობის დაბალი ფასებით და ვაჭრობის გადამისამართების ანუ დივერსიფიკაციის ზრდით.

ამასთან, პროგნოზირებული საერთაშორისო რეზერვების თანდათანობითი ზრდას უნდა ველოდოთ, რასაც მხარს დაუჭერს ვალუტის შესყიდვები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) აღდგენა. სსფ ის ანგარიში არის თავისებური სიგნალი ინვესტორებისათვის ქვეყნის ეკონომიკაში კაპიტალდაბანდებების განსახორციელებლად.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვების პოზიციის გაძლიერება(ივნისის მიხედვით, იანვარ-მაისთან შედარებით, როდესაც წმინდა შესყიდვებმა 613 მილიონი დოლარი შეადგინა, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები კიდევ 103 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც სებ-ის სტატისტიკის თანახმად, რეზერვების წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთელი 107 მილიონი დოლარით მეტია! ), დაბალი ინფლაციის და ლარის სტაბილური გაცვლითი კურსის პირობებში, გონივრული მონეტარული პოლიტიკით მაღალი ზრდის მხარდაჭერა, ეროვნული ბანკის სწორ სტრატეგიაზე მიუთითებს.

ნეგატიური სცენარებიდან, შიდა დონეზე, გაზრდილი პოლიტიკური გაურკვევლობა უნდა გამოიყოს. ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ბოიკოტირების რეჟიმი, პოტენციურ სანქციებთან ერთად, რასაც ასევე ითხოვს ოპოზიციის ნაწილი, და მუდმივი საუბარი საერთაშორისო იზოლაციაზე, ზრდის სწორედ გაურკვევლობის რისკებს.

პოზიციონირების ეს სტრატეგია, რასაც ნაციონალური შეფერილობის ოპოზიცია მიზანმიმართულად მისდევს, ვფიქრობ, არ არის შემთხვევითი. ცნობილია, რომ მაღალმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს სავაჭრო პარტნიორების ზრდის შენელების ან მიწოდების ჯაჭვის შეფერხებების არაპირდაპირი ეფექტები, ექსპორტის შემცირებით და იმპორტის ხარჯების გაზრდის გამო, შეამციროს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს ტურიზმზე და ზეწოლა მოახდინოს ლარზე. რეალურად, ოპოზიციური პოლიტიკური ფსონის მიზანიც ეს არის, ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებით, გაზარდონ საპროტესტო ტალღა”- წერს ცუცქირიძე”- წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები