“საზოგადოება ხედავს, რომ შანტაჟი უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება საქართველოს მიმართ. რა თქმა უნდა, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება სისრულეში იქნება მოყვანილი, ეს ძალიან ცუდი იქნება ცხადია იმიტომ, რომ მართლაც კარგი სიკეთეა, როდესაც ვიზის გარეშე გაქვს შესაძლებლობა იმოგზაურო ევროპულ ქვეყნებში”, – ამის შესახებ „იმედი LIVE“-ს თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე საუბრისას განუცხადა..
როგორც კალაძემ განმარტა, კარგი სიკეთეა, როდესაც ვიზის გარეშე გაქვს შესაძლებლობა იმოგზაურო ევროპულ ქვეყნებში.
“თუმცა, მეორე მხარეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოებას, უკავშირდება ქართველი ხალხის და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ინტერესების დაცვას.
გავიხსენოთ რამდენიმე წლის წინ დაწყებული აგრესია საქართველოს მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ შანტაჟი, დაწყებული ევროპარლამენტარიდან, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები გამოდიოდნენ კრიტიკით, გამოდიოდნენ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რომლებიც, ფაქტობრივად დაფუძნებული იყო სიცრუეზე და ეს ყველაფერი დაიწყო განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაჩაღდა რუსეთ-უკრაინის ომი. ამას ახლდა გარკვეული პროცესები. ჩვენ ღიად დავიწყეთ საუბარი იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი იყო ეს ინფორმაცია ჰქონოდა საზოგადოებას, რა ხდებოდა რეალურად კულისებს მიღმა. ჩვენ ამ ყველაფერზე ღიად არ ვსაუბრობდით გარკვეული ინტერესებიდან გამომდინარე. საქმე ეხებოდა პარტნიორებს, თუმცა ძალიან მძიმე იყო როდესაც პრემიერ-მინისტრის კაბინეტში ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი პირდაპირ იმუქრებოდა, აშანტაჟებდა პრემიერ-მინისტრს, პარტიის თავმჯდომარეს, რომ ქვეყანაში უნდა გახსნილიყო მეორე ფრონტი და დაგვეწყო სამხედრო მოქმედებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.