გიორგი ცუცქირიძე: დღეს ბევრს, მათ შორის, ჩვენთანაც აღელვებს, თუ რამდენ ხანს გასტანს რუსეთ-დასავლეთის სამხედრო დაპირისპირება, რომელიც უკრაინის ფრონტზე თამაშდება
დღეს ბევრს, მათ შორის, ჩვენთანაც აღელვებს, თუ რამდენ ხანს გასტანს რუსეთ-დასავლეთის სამხედრო დაპირისპირება, რომელიც უკრაინის ფრონტზე თამაშდება. სახელდება სხვადასხვა ვადებიც, უფრო ხშირად ასეთ სავარაუდო ვადად წელიწად-ნახევარს ასახელებენ, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ბუნებრივია, ეს გათვლები ემყარება სხვადასხვა ფაქტორს, რუსეთის ეკონომიკის შესაძლებლობებს, სამხედრო კომპონენტებთან და ადამიანურ პოტენციალთან ერთად. ის, რომ ეს ომი შეიძლება უფრო მეტ ხანსაც გაგრძელდეს, უკრაინისათვის ამერიკული წარმოების მოიერიშე სამხედრო თვითმფრინავების F16 -ების გადაცემის გადაწყვეტილებაც მეტყველებს, რომლებიც საბარძოლო მოქმედებებში სავარაუდოდ მინიმუმ 6-7 თვის შემდეგ შეიძლება იყონ გამოყენებული. ამასთან, რუსეთიც აპირებს ახალი წლიდან მობილიოზაციის გამოცხადებას, და სხვადასხვა შეფასებით დამატებით 1.5 მილიონიანი რეზერვის გამოყვანაც შეუძლია.
საქართველოს საკითხიც, ვფიქრობ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
ჩვენ ბოლო ასი წლის მანძილზე, გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული, ორჯერ უკვე აღმოვჩნდით გლობალური გადანაწილებების სცენარში და ჩვენდა სამწუხაროდ, ორჯერვე სავალალო შედეგი დადგა. დღევანდელი გადმოსახედიდან, 1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მარცხი, არა იმდენად ნოე ჟორდანიას რუსეთუმეობის ან სოციალიზმით გატაცემის შედეგი იყო, არამედ გარიგება დასავლეთსა და რუსეთს შორის, კერძოდ ბრიტანეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის. საქართველო დატოვეს რა რუსეთის გავლენების სფეროში, დიდი გარიგების სანაცვლოდ, როდესაც დაშლილ და ტერიტორია დაპატარავებულ ოსმალეთის იმპერიის სამართალმემკვიდრე თურქეთს გადასცეს, მეფის რუსეთის დროს კვლავ დაბრუნებული ძირძველი ქართული ტერიტორიები ტაო კლარჯერთის და ართვინის ოლქის სახით. კერძოდ, 1921 წლის 16 მარტს რუსეთსა და თურქეთს შორის მოსკოვში შეთანხმება გაფორმდა, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა კავკასიის გადანაწილება. მართალია, ითვლება რომ ეს ათათურქსა და ლენინს შორის გარიგების შედეგი იყო, სტალინთან ერთად, მაგრამ რეალურად თურქეთი იმ დროს ანტანტამ და ინგლისმა გადაარჩინა სრულ დაშლას, რომელიც კარგავდა როგორც სომხურ, ასევე ბერძნულ პროვინციებს.
მეორედ, ასეთი გლობალური გარიგება უკვე გასული საუკუნის 90-იან წლებში შედგა, როდესაც ფაქტიურად დასავლეთის, კერძოდ, აშშ-ის წაყრუებით და რუსეთისათვის მწვანე შუქის ანთებით დაამხეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლება, რომელიც არ დათანხმდა დასავლეთსა და სსრკ-ს შორის დადებულ გარიგებაზე, სოციალისტური ბანაკის სანაცვლოდ დსთ-ის წევრობაზე. ბუში მამის ცნობილი ფრაზეოლოგია, გამსახურდიას დინების წინააღმდეგ მსვლელობაზე, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ამის დასტური იყო. დიდწილად ამ გლობალური გადათამაშების შედეგი იყო რუსეთის მიერ, კოსოვოს პრეცედენტის აპელირებით აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებაც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, რაც რუსეთთან 2008 წლის 5 დღიან ომს მოყვა!
მიმაჩნია, რომ დღეს როდესაც ფაქტიურად სახეზეა ახალი გლობალური გადათამაშება, საქართველო დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე. ყველა მოცემულობით უკრაინის გამბიტი გადამწყვეტ ფაზაში 2024- 2025 წლებში შევა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ აშშ-ში და ევროპის წამყვან ქვეყნებში არჩევნები 2024 წელს, წლის ბოლოს უნდა ჩატარდეს, ისევე როგორც რუსეთში აპრილში. ჩემი ვარაუდით, რუსეთის არჩევნებს გადაავადებენ ან საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ სადაც პუტინს შეეძლება მონაწილეობის მიღება კიდევ ორი ვადით, 2024 და 2030 წელს. მიმდინარე ომი ამის მშვენიერი საბაბია, ერთადერთი რაც ამ სცენარს ჩაშლის, ის იქნება თუ მაგ პერიოდამდე უკრაინა მიაღწევს სტრატეგიულ უპირატესობას ხმელეთზე, ანუ თუ გავა აზოვის ზღვამდე და ყირიმს მოაქცევს ალყაში, თუმცა მაინც მგონია, რომ უკრაინას მიუხედავად ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენების მიღებისა, მაინც გაუჭირდება სტრატეგიული უპირატესობის მიღწევა მომავალი წლის გაზაფხულისათვის, თუმცა ყველაფერი მაინც ამ ზაფხულს და კერძოდ, შემოდგომის დასაწყისში გახდება უფრო ცხადი. გვიან შემოდგომაზე ან მომავალის წლის გაზაფხულზე დაჭაობებულ ველებზე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება ამ ამოცანის გადაწყვეტა.
შესაბამისად, ომის გახანგრძლივების პირობებში, ჩვენი ქვეყნისათვის ორი გამოწვევა დგას. შემოდგომაზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები.
აშშ-ის ელჩის ქალბატონი დეგნანის გამოსამშვიდობელი ინტერვიუ იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ელჩები როგორც ასეთი ამ სახის კომენტარებს დამოუკიდებლად არ აკეთებენ. თუ შემოდგომაზე კანდიდატის სტატუსი ისევ გადაგვივადეს და არჩევნებს მიება, ვფიქრობ, მთავარი სცენარიც 2024 წელს გათამაშდება. თუმცა მანამდე იქნება გამოსვლები და მუდმივი დესტაბილიზაციის მცდელობები ანუ არჩევნებამდე ჩვენ მივალთ პერმანენტული დაძაბულობის და მასიური დესტაბილიზაციის ზღვარზე. ასეთი დაშვებისას ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ვხდებით მესამე გადანაწილების ეპიცენტრში. ელექტრონული არჩევნების წინასწარ ეჭქვეშ დაყენება უფრო ამის მიმანიშნებელია, რაც “ქართული ოცნების” უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაში, ამ არჩევნების არაღიარების და ოცნებისათვის დაბალი ლეგიტიმაზიის, ფაქტიურად რევოლუციური სცენარის ტოლფასი იქნება. ვფიქრობ, მანამდე ყველაფერი გაკეთდება 2024 წლის არჩევნებამდე თავად მართველი ძალის დასასუსტებლად და შიგნით განხეთქილების მისაღწევად, განსაკუთრებით იმ ნაწილში ვინც გამსვლელ ახალ სიაში ვერ მოხვდება, რაც წინა წლებშიც არაერთხელ გვინახავს.
ამჯერად ჩვენ მხარეს შეიძლება იდგეს ის გარემოება, რომ დაძაბულობის ეპიცენტრში აშშ-სა და რუსეთს შორის მორიგი გარიგება მეტად საეჭვოა, თუმცა არა გამორიცხული. ეს იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი თუ უკვე 2024 წელს, ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლებით და დასავლეთის ზეწოლით გადააყენეს და დღევანდელი ოპოზიცია მოვიდა ხელისუფლებაში. არც მედვედევი აკეთებს ხოლმე შემთხვევით და დამოუკიდებელ განცხადებებს თავად ამ განცხადების აშკარად შეურაცმყოფელი და პროვოკაციული პათოსის მიუხედავად!
არც თუ შორეულ მომავალში ჩვენ იმასაც ვნახავთ, რამდენად უღირს დასავლეთს ამ სცენარზე წასვლა. რამდენად პრევენციული და ეფექტური იქნება ქართული ოცნების პოლიტიკური მარკეტინგი. ამასთან, რამდენად შეასრულებს ერთგვარი პოლიტიკური დაზღვევის ფუნქციას, პრემიერის წარმატებული ვიზიტები ჩინეთსა და ისრაელში. და რაც მთავარია, თავად ქართველი ხალხი რამდენად მზად არის დაიცვას საკუთარი იდენტობა და მეობა!”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.