ე.წ.სამხრეთ ოსეთი ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ისევ მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას მოწოდებით, რომ დაგმოს “საქართველოს აგრესია რესპუბლიკის ხალხის წინააღმდეგ და პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამნაშავე პირი”.
ამის შესახებ ე.წ. რესპუბლიკის რუსეთში ე.წ.საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც რუსეთში აკრედიტებულ ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ასევე შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში გაიგზავნა.
„ამ დღეებში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, მთელი ოსი ხალხი, გაერთიანებული ისტორიული მეხსიერებითა და მოვალეობით წინა და მომავალი თაობების წინაშე, კიდევ ერთხელ იხსენებს და პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოს ქართული აგრესიის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას.
15 წლის წინ, 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს, საქართველომ დაარღვია ყველა საერთაშორისო ვალდებულება და შეთანხმება, სამხრეთ ოსეთის მძინარე დედაქალაქის და რესპუბლიკის რეგიონების, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო ძალების, სოციალური ობიექტების მასიური საარტილერიო დაბომბვა დაიწყო, და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეიჭრა.
ათასობით ბომბი და ჭურვი დაეცა მშვიდობიან ოს მოსახლეობას, რამაც რესპუბლიკის მძინარე დედაქალაქი ცხინვალი რამდენიმე საათში ნანგრევებად აქცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ე.წ. საელჩოში აღნიშნავენ, რომ “შეიარაღებული აგრესია განხორციელდა ზუსტად იმ დროს, როდესაც პეკინში 29-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია იმართებოდა, და მე-20-21-ე საუკუნეებში ოსი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდის მორიგი აქტი გახდა”.
დიპლომატიურ ე.წ.უწყებაში ამბობენ, რომ რუსი სამშვიდობოების სიმამაცის წყალობით, “სამხრეთ ოსეთი არ დანებდა და არ გადაიქცა „ღია ველად“, რაც ეწინააღმდეგებოდა ნატოს სტანდარტებით მომზადებული ქართული არმიის ამ არაადამიანურ ქმედებას”.
“როდესაც დახმარებისთვის მსოფლიოს მივმართეთ, 2008 წლის აგვისტოში ჩვენი ხმა მხოლოდ რუსეთმა მოისმინა, რომლის შეიარაღებულმა ძალებმა, სამხრეთ ოსეთის რეგულარულ ქვედანაყოფებთან და მილიციასთან ერთად, აიძულა აგრესორი მშვიდობისკენ. რუსეთის ქმედებების წყალობით აღიკვეთა ჰუმანიტარული კატასტროფა და გაწეულ იქნა ფასდაუდებელი დახმარება, თითქმის მთლიანად დანგრეული რესპუბლიკის აღდგენაში.
დღეს, 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების მე-15 წლისთავზე, კიდევ ერთხელ მივმართავთ მთელ ცივილიზებულ სამყაროს მოწოდებით, დაგმოს ეს ბარბაროსული ქმედება და პასუხისგებაში მიეცეს მისი ინიციატორები და შემსრულებლები”,- ნათქვამია განცხადებაში.