“საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში არის ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევა ჩვენს საპარლამენტო ისტორიაშიც და ზოგადად, მსოფლიო ისტორიაშიც”, – ასე უპასუხა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „დღის ქრონიკის” წამყვანის კითხვას, ელის თუ არა ხელისუფლება სიახლეს ჩინეთში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შემდეგ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს.
მისივე თქმით, კარგი ამბების მოლოდინი აქვს.
„პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ზოგადად, ჩინეთთან ურთიერთობის დაახლოების კონტექსტში უნდა განვიხილოთ. როდესაც შუა კორიდორზე ვსაუბრობთ, თუ არ გვაქვს ერთი, ან მეორე მხარე, რომლებიც შუა კორიდორს დატვირთავენ, ცარიელი სიტყვები იქნება ამაზე საუბარი და ცარიელი კონცეფცია შუა კორიდორი. ვაღრმავებთ ურთიერთობებს სწორედ იმიტომ, რაც ვითარდება ინფრასტრუქტურა ენერგეტიკის, რკინიგზის, საჰაერო, თუ ა.შ., გამოყენებული და დატვირთული იყოს – ჩინეთიდან წამოვიდეს საქონელი, რომელიც წავა ევროპისკენ და – პირიქით. ამ მხრივ საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში არის ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევა ჩვენს საპარლამენტო ისტორიაშიც და ზოგადად, მსოფლიო ისტორიაშიც. უნდა ველოდოთ კარგ ამბებს ურთიერთობების გაღრმავების კვალდაკვალ“, – აღნიშნა მახაშვილმა.