„სისხლის წმენდა“ – ნაცისტების საიდუმლო პროექტი „სუპერ ბავშვების“ შესაქმნელად
მოგეხსენებათ, მესამე რაიხის იდეოლოგია არიული რასის უპირატესობის პოსტულატს ეფუძნებოდა. ნაცისტებმა თავიანთი ეთნიკური ჯგუფის შემდგომი განვითარება საკუთარი გენეტიკური მემკვიდრეობის დამკვიდრებაში და გაუმჯობესებაში დაინახეს. ამ მიზნით შემუშავდა სპეციალური საიდუმლო პროგრამა, სახელწოდებით – Lebensborn, რომელიც შეიძლება ითარგმნოს, როგორც “სიცოცხლის წყარო”.
თავდაპირველად, ის მდგომარეობდა იმაში, რომ SS-ის ოფიცრებისთვის „რასობრივად სუფთა“ ქალებს ირჩევდნენ, რათა გაეჩინათ და ეზრუნათ „ზეშვილებზე“, რომლებიც მომავალში გერმანიას უხელმძღვანელებდნენ. ასეთი კავშირის შედეგად, კერძოდ, დაიბადა ცნობილი ანი-ფრიდ ლიუნგსტადი, ლეგენდარული ჯგუფის, ABBA-ს წამყვანი მომღერალი. დროთა განმავლობაში, პროექტის კონცეფცია საშინელი გახდა.
პროგრამაში მონაწილეობისთვის შერჩეული ქალები ცხოვრობდნენ და მშობიარობდნენ სპეციალურ ინსტიტუტებში, სადაც ყველაზე კომფორტული პირობები იყო შექმნილი. პირველი ასეთი სახლი მიუნხენის მახლობლად მდებარე სოფელში 1936 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც გერმანიამ თითქმის მთელი ევროპა დაიპყრო, „სუპერშვილების“ „წარმოება“ საზღვარგარეთ გავიდა.
პროგრამა ყველაზე მასშტაბური ნორვეგიაში გახდა. ცისფერთვალება, ქერა ნორვეგიელებს ნაცისტები არიული რასის წარმომადგენლებად თვლიდნენ. მათთვის გერმანელი ოფიცრის მიერ ბავშვის გაჩენის პერსპექტივა, ფაქტობრივად, ერთადერთი გზა იყო ომის დროს შედარებით ნორმალური ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად. ამიტომ, ბევრ ქალზე ბრძანების გაცემა არ მოუწიათ, ისინი ნებაყოფლობით შეუერთდნენ მშობიარე ქალთა რიგებს.
„ლებენსბორნის“ არსებობის განმავლობაში, გერმანიაში დაახლოებით რვა ათასი სუფთა სისხლის არიული რასის წარმომადგენელი დაიბადა, ხოლო ნორვეგიაში ერთ-ნახევარჯერ მეტი.
1938 წელს ტემპის გაზრდა გადაწყდა, შემდეგ კი, პროგრამა გაფართოვდა და შესაფერისი გარეგნობის ისეთი ქალები მოიცვა, რომლებიც უკვე ორსულად იყვნენ. ფინანსური მხარდაჭერის სანაცვლოდ, მათ შვილების ბავშვთა სახლისთვის გადაცემა შესთავაზეს. იქ სელექციის გავლის შემდეგ ბავშვებს ზრდიდნენ და განსაკუთრებულად კვებავდნენ. ქალებს კი, რომლებმაც რამდენიმე ბავშვი „მიაწოდეს“, რკინის ჯვრით აჯილდოებდნენ.
ერთი წლის შემდეგ, ჰაინრიხ ჰიმლერის, SS-ის რაიხსფიურერის გადაწყვეტილებით, SS-ელებმა დაიწყეს ბავშვების გატაცება და მათი გერმანიაში გადაყვანა. ძირითადად, ბავშვებს პოლონეთიდან, ჩეხოსლოვაკიიდან და იუგოსლავიიდან იტაცებდნენ. ჩამოსვლისთანავე მათ ექიმები იკვლევდნენ და ჯგუფებად ჰყოფდნენ იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ჰგავდნენ ისინი ტიპურ არიელებს.
ბავშვები, რომლებიც უვარგისად მიიჩნიეს, საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნეს. ვინც შესაფერისი იყო, „გერმანიზაციას“ ექვემდებარებოდა. მათ დაარქვეს ახალი სახელები, გაუსუფთავეს მოგონებები მშობლებისა და სამშობლოს შესახებ, ჩაუნერგეს ნაცისტებისთვის აუცილებელი ღირებულებები. ამისთვის შემუშავდა სპეციალური „საგანმანათლებლო“ კურსი.
„გერმანიზაციის“ პროცესში ბავშვებს ასხივებდნენ ულტრაიისფერი შუქით, რათა მათ თმას „სწორი“ ფერი მიეღო ჭეშმარიტად არიელი ბავშვისთვის. საბაზისო სწავლების დასრულების შემდეგ, ბავშვებს SS-ელების ოჯახებში ანაწილებდნენ.
Lebensborn-ის პროგრამასთან დაკავშირებული თითქმის ყველა საბუთი განადგურდა ომის ბოლო თვეებში, ასე რომ, შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, რამდენ ბავშვს შეემთხვა ასეთი უბედურება. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ საუბარი ორასი ათას ადამიანზეა.
გერმანიის ჩაბარების შემდეგ ნორვეგიელი ქალები, რომლებიც ნებაყოფლობით მონაწილეობდნენ არიული რასის გამდიდრებაში, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ხელისუფლების თანხმობით, მათ ხშირად საჯაროდ სცემდნენ და ყოველმხრივ ამცირებდნენ. SS-ელი მამაკაცებისგან დაბადებული ბავშვები გარიყეს. კეთილგანწყობის ნიშნად, მეზობელმა შვედეთმა რამდენიმე ასეულ გარიყულ ბავშვს უმასპინძლა. ასე რომ, ანი-ფრიდ ლიუნგსტადიც გახდა შვედი, რომლის მამა, SS-ის სერჟანტი, ომში დაიღუპა.