განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში საქართველოს ჩართულობაზე ინფორმაცია მოისმინა
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში – „ჰორიზონტი ევროპა” საქართველოს ჩართულობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს.
პარლამენტის ინფორმაციით, პრეზენტაცია ეროვნული ოფისის „ჰორიზონტი ევროპა” ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ წარადგინა და პროგრამის მიზნებზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2021 წლის 7 დეკემბერს ხელი მოეწერა „ჰორიზონტი ევროპასთან” ასოცირების შეთანხმებას. პროგრამის მიზანია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის საგრანტო კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობა და წარმატებულ საგრანტო პროექტებში მათი ჩართულობის გაზრდა. ასევე, ევროპულ კონსორციუმებში საქართველოს მკვლევართა მონაწილეობის გზით საქართველოში მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მხარდაჭერა. მისივე თქმით, პროექტებში მონაწილეობა შეუძლიათ არა მხოლოდ მეცნიერებს, არამედ ინდივიდუალურ პირებს. ასევე, სამთავრობო უწყებების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. როგორც პრეზენტაციაში აღინიშნა, 2022 წელს საგრანტო ოფისმა 93 საინფორმაციო შეხვედრა და 252 ინდივიდუალური კონსულტაცია ჩაატარა. 2023 წლის პირველ კვარტალში კი 47 საინფორმაციო შეხვედრა და 101 ინდივიდუალური კონსულტაცია ჩატარდა. მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფუნქციონირებს საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისები, რაც რეგიონების აქტიურ ჩართულობას განაპირობებს.
„დღეის მდგომარეობით, საქართველოს მონაწილეობით დაფინანსებულია 18 პროექტი. ევროკავშირის კონტრიბუცია წარმოადგენს 2 299 365 მლნ ევროს. საქართველოდან წარდგენილია 133 საპროექტო განაცხადი და წარმატების მაჩვენებელი არის 16.28%, რომელიც ითვლება ერთ-ერთ მაღალ მაჩვენებლად”, – განაცხადა ნინო ინასარიძემ.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, ქართული სამეცნიერო და აკადემიური წრეების მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში მნიშვნელოვანია, როგორც საერთაშორისო კავშირების, ისე ინვესტიციების მოზიდვის მხრივ.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შესაძლებლობების აღიარება ხდება ევროპულ დონეზე”, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.