ლოიდ ოსტინი: აშშ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას ძალიან სერიოზულად ეკიდება
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, შეერთებული შტატები პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას ძალიან სერიოზულად ეკიდება.
„სანამ იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიება მიმდინარეობს, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან და ვერაფერი შეგვიშლის ხელს შევინარჩუნოთ ამერიკის უსაფრთხოება“, – აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.
ცნობისთვის, უკრაინის კონტრშეტევის გეგმის შესახებ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები ინტერნეტპლატფორმებზე 7 აპრილს აღმოჩნდა. ისინი, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცავდნენ ინფორმაციას მარტის ბოლოსთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებების შესახებ.
უკრაინის დაზვერვაში განაცხადეს, რომ პანიკა საჭირო არ არის, რადგან გაჟონილი ინფორმაციის უმეტესობა, ღია წყაროებიდან არის მოპოვებული და რუსეთისთვის სასარგებლო დეზინფორმაციას შეიცავს.
ომის შესწავლის ამერიკულ ინსტიტუტში განაცხადეს, რომ გაჟონვამ აჩვენა, თუ რამდენად ეშინიათ კონტრშეტევის რუსებს.