“მას შემდეგ, რაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მივიღეთ, საფრანგეთმა მიიღო და ანალოგიური კანონი დიდმა ბრიტანეთმა გაამკაცრა. დღეს უკვე, ანალოგიურ კანონს რუმინეთში იღებენ, რაც დასაფიქრებელია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
ამასთან, მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადება შეაფასა, რომელმაც თქვა, რომ აშშ არ წყვეტს ფრანგების კანონმდებლობის საკითხებს.
„ერთი მხრივ, მაკრონის განცხადება შესაქებია იმის გათვალისწინებით, რომ შენი ქვეყნის სუვერენიტეტს თუ იცავ, სხვა ქვეყანას იმის უფლება არ უნდა მისცეს, რომ შიდა საქმეებში ჩაერიოს, მით უმეტეს, მიგითითოს, რა კანონები მიიღო და რა – უკან გაიწვიო. მეორე მხრივ, მაკრონის განცხადება იმის ნათელი დადასტურებაა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, როცა ეს ქვეყნები საქართველოსთან მიმართებით ზუსტად ანალოგიურს აკეთებენ. ვგულისხმობ საფრანგეთსა და ბრიუსელს. ეს ყველაფერი წლებია, გრძელდება. მიმდინარეობს უვიზო მიმოსვლის საკითხით შანტაჟიც, რომელიც ორიენტირებულია „გამჭვირვალობის შესახებ“ და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონების გაწვევაზე. მას შემდეგ, რაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მივიღეთ, საფრანგეთმა მიიღო და ანალოგიური კანონი დიდმა ბრიტანეთმა გაამკაცრა. დღეს უკვე, ანალოგიურ კანონს რუმინეთში იღებენ, რაც დასაფიქრებელია, რადგან ჩვენ მიმართ ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას როცა ვხედავთ, არ უნდა უკვირდეთ ის შეფასებები, რაც ჩვენი ხელისუფლების მხრიდან კეთდება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.