ლევან მაჭავარიანი: ბუნებრივია მაკრონის წუხილი – არავის უხარია, როდესაც საკუთარი ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ქვეყანა ერევა
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები ექნებათ ევროპელებსა და ფრანგებს.
მაჭავარიანის თქმით, არავის უხარია, როდესაც საკუთარი ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ქვეყანა ერევა.
„ბუნებრივია ბატონი მაკრონის წუხილი. არავის უხარია, როდესაც საკუთარი ქვეყნის შიდა საქმეებში და მით უმეტეს, კანონების მიღება-არმიღებაში უცხო ქვეყანა ერევა. ამ შემთხვევაში კიდევ ერთი ლუსტრირებაა იმ უსამართლო დამოკიდებულების, რაც კონკრეტულად საფრანგეთსა და მთლიანად ბრიუსელს საქართველოსთან მიმართებაში გააჩნიათ, როდესაც ისინი უხეშად ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში. დღესაც, როდესაც ვიზალიბერალიზაციაზე შანტაჟი მიმდინარეობს, აქაც პირობად გვიყენებენ, რომ თურმე უნდა გავიწვიოთ გამჭვირვალობის ქართული კანონი, ანტიელგბტ პროპაგანდა კანონი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ბრიუსელი თავის პოლიტიკას გადახედავს საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენთვის მისაღებია მხოლოდ სამართლიანი დამოკიდებულება და მხოლოდ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული პარტნიორობა“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.