3,4 მილიონ გერმანელს ინტერნეტით არასდროს უსარგებლია

გერმანიაში 16-დან 74 წლამდე ასაკის ადამიანების თითქმის 6% ინტერნეტით საერთოდ არ სარგებლობს.

ამის შესახებ ვისბადენის ფედერალურმა სტატისტიკურმა უწყებამ გამოაცხადა, – წერს Spiegel-ი.

საუბარია, დაახლოებით, 3,4 მილიონ ადამიანზე, რომელიც ინტერნეტით არ სარგებლობს.

“ოფლაინ-მომხმარებელთა” უმეტესობა 65-74 წლის ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნება, მათი წილი 17%-ს შეადგენს.

45 წელს ქვემოთ პირებში ინტერნეტით მხოლოდ 2% არ სარგებლობს.

გამოცემა წერს, რომ გერმანიაში ეს მაჩვენებელი ოდნავ ჩამორჩება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს, რაც მთლიანი მოსახლეობის 7%-ს შეადგენს. თუმცა, ქვეყნებს შორის დიდი განსხვავებებია.

მაგალითად, საბერძნეთსა და პორტუგალიაში ეს მაჩვენებელი 14%-ს შეადგენს მაშინ, როდესაც შვედეთში ინტერნეტით მოსახლეობის მხოლოდ 1% არ სარგებლობს.

გაეროს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) შეფასებით, მსოფლიოს მოსახლეობის, დაახლოებით, მესამედს, ანუ დაახლოებით 2,7 მილიარდ ადამიანს 2022 წელს ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები