თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენი პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შესახებ ინფორმაციას მუდმივად იღებს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მუდმივად იღებს ინფორმაციას პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„პრეზიდენტი ინფორმირებულია. მას პირველად აცნობეს გასულ კვირას, როდესაც ყველამ გავიგეთ, რომ რაღაც დოკუმენტების გაჟონვა მოხდა. ის მთელი შაბათ-კვირის განმავლობაში იყო ინფორმირებული და კონტაქტში იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ოფიციალურ პირებთან“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.
მისივე თქმით, თავდაცვის დეპარტამენტმა კრიმინალური გამოძიებისთვის საქმე იუსტიციის დეპარტამენტს გადასცა.
ცნობისთვის, უკრაინის კონტრშეტევის გეგმის შესახებ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები ინტერნეტპლატფორმებზე 7 აპრილს აღმოჩნდა. ისინი, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცავდნენ ინფორმაციას მარტის ბოლოსთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებების შესახებ.
უკრაინის დაზვერვაში განაცხადეს, რომ პანიკა საჭირო არ არის, რადგან გაჟონილი ინფორმაციის უმეტესობა, ღია წყაროებიდან არის მოპოვებული და რუსეთისთვის სასარგებლო დეზინფორმაციას შეიცავს.
ომის შესწავლის ამერიკულ ინსტიტუტში განაცხადეს, რომ გაჟონვამ აჩვენა, თუ რამდენად ეშინიათ კონტრშეტევის რუსებს.