დიმიტრი გვრიტიშვილი: კომისიის შექმნის საფუძველი არის ის, რომ თითქოს სასამართლო სისტემაში კორუფციაა, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები

„კომისიის შექმნის საფუძველი არის ის, რომ თითქოს სასამართლო სისტემაში არის კორუფცია, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა სასამართლო სისტემაში კორუფციულ ქმედებათა შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კომისიის მუშაობა არ უნდა დაემსგავსოს მოსამართლეებისთვის ანგარიშის მოთხოვნას, რაც კონსტიტუციითა და კანონმდებლობით ყველას ეკრძალება, მათ შორის, პარლამენტის საგამოძიებო კომისიასაც.

“თუ მოხდა ისე, რომ კომისია შეიქმნა, მოქმედი კანონმდებლობა ყველა თანამდებობის პირს ავალდებულებს კომისიასთან თანამშრომლობას – დოკუმენტების მიწოდება იქნება, თუ ახსნა-განმარტების. თუმცა, აქვე, ხაზს გავუსვამთ იმას, რომ ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობა არ უნდა დაემსგავსოს მოსამართლეებისთვის ანგარიშის მოთხოვნას, რაც კონსტიტუციითა და კანონმდებლობით ყველას ეკრძალება, მათ შორის პარლამენტის საგამოძიებო კომისიასაც. დანარჩენი, კანონმდებლობის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვინც თავისი მანდატის შესრულებას განახორციელებს“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ცნობისთვის, 11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტს მიმართავენ. სალომე ზურაბიშვილთან გაგზავნილ მოთხოვნას 46 დეპუტატი აწერს ხელს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი „რეფორმების ჯგუფის” მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტის მიღება იქნება, რომელიც სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები