ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩემი, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის მიზანია, მხარი დავუჭიროთ მშვიდობასა და სტაბილურობას ამ რთულ პერიოდში

“ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ ჩემი, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის მიზანია, გაძლიერდეს თანამშრომლობა, მხარი დავუჭიროთ მშვიდობასა და სტაბილურობას ამ რთულ პერიოდში”, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბუიარ ოსმანმა განაცხადა.

როგორც ოსმანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დემოკრატიის მშენებლობაში სამოქალაქო საზოგადოების როლი დიდია.

„ჩვენ უნდა ვეძებოთ შერიგების გზები, სადაც შესაძლებელია. ხვალ ვეწვევი რეგიონებს, რათა მოვუსმინო მხარეებს, დავინახო გამოწვევები. ფოკუსირება ადამიანებზე გახლავთ ჩვენი საბოლოო პრიორიტეტი. მე შევხვდები არასამთავრობოების წარმომადგენლებს და განვიხილავ საკითხებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ხაზი გავუსვა იმ უმნიშვნელოვანეს როლს, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება თამაშობს, ძლიერ წვლილს, რომელიც მან შეიტანა დემოკრატიის მშენებლობაში საქართველოში. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს ძირითად დემოკრატიულ ინგრედიენტს. სამოქალაქო საზოგადოებასთან, ახალგაზრდობასთან ჩართულობა მნიშვნელოვანია და ხაზგასმულია ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლის, სამოქალაქო საზოგადოების და ახალგაზრდულ საკითხებში. ჩემი ვიზიტის ფარგლებში, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეუთო მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს სამი მიმართულებით ვალდებულების შესრულებას, რომელსაც წვლილი შეაქვს თქვენი შიდა რეფორმების პროცესში. ნება მომეცით დაგარწმუნოთ, რომ ჩემი, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის მიზანია, გაძლიერდეს თანამშრომლობა, მხარი დავუჭიროთ მშვიდობასა და სტაბილურობას ამ რთულ პერიოდში“, – განაცხადა ოსმანმა.

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი. ამასთან, ბუიარ ოსმანს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.
ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები