მარიამ ლაშხმა საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის” თავმჯდომარეს, სოსო გიორგაძეს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებით მოკვლევაზე ისაუბრეს.
„პარლამენტში, თემატური მოხსენება ძალიან კარგი პრაქტიკაა იმისთვის, რომ შევისწავლოთ სფეროში არსებული გამოწვევები და შევიმუშაოთ რეკომენდაციები. ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს მოკვლევა, რომელიც საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარგში, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს. მოკვლევის ნაწილში უკვე შემუშავებული გვაქვს გარკვეული რეკომენდაციები”, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
პარლამენტის მიერ გაწეული რეკომენდაციების შესრულებისა და ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების, განსაკუთრებით კი, საავტორო უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მხარეები ერთობლივ მუშაობას გააგრძელებენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა თემატური მომხსენებელი, ექსპერტი ლევან ნანობაშვილი.