სილვიო ბერლუსკონის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ლეიკემია დაუდგინდა, უმჯობესდება
იტალიის ყოფილი პრემეირმინისტრის, სილვიო ბერლუსკონის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.
ამის შესახებ პოლიტიკოსის ექიმების განცხადებაშია ნათქვამი.
„გასული 48 საათის განმავლობაში კონტროლირებადი ორგანოების ფუნქციებში პროგრესული და უწყვეტი გაუმჯობესება შეინიშნებოდა”, – აცხადებენ ექიმები – ალბერტო ზანგრილო და ფაბიო ჩიჩერი.
ექიმების თქმით, 86 წლის პოლიტიკოსის „თერაპია მოსალოდნელ შედეგებს იძლევა, რაც ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს“. მათ აღნიშნეს, რომ ბერლუსკონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.
სილვიო ბერლუსკონი გასულ კვირას San Raffaele-ს საავადმყოფოში ისევ მოათავსეს, საიდანაც ის 30 მარტს, 4-დღიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს.
თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას სუნთქვასთან დაკაშირებული პრობლემები აქვს, თუმცა, გასულ კვირას პროფესორმა ზანგრილომ გაავრცელა სამედიცინო ბიულეტენი, რომელშიც ნათქვამია, რომ ბერლუსკონი ქრონიკული ლეიკემიის გამო ფილტვის ინფექციით მკურნალობს. ექიმის თქმით, მკურნალობის სტრატეგია მიზნად ისახავს „პათოლოგიური ჰიპერლეიკოციტოზის უარყოფითი შედეგების შეზღუდვას“.
სააგენტო Adnkronos-ის ცნობით, ექსპრემიერს ლეიკემიის დიაგნოზი, დაახლოებით, ორი წლის წინ დაუსვეს, თუმცა, ახლა დაავადება გამწვავდა.
მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერლუსკონი ქიმიოთერაპიას გადის, ხოლო ინფექციას ანტიბიოტიკებით მკურნალობდნენ.
8 აპრილს მედია წერდა, რომ ბერლუსკონმა სახლში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.