სუსი “საქართველოს რკინიგზის” ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების საქმეზე: გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების განხორციელების მიზნით
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების განხორციელების მიზნით”,- ამის შესახებ “საქართველოს რკინიგზის” ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების საქმეზე სუსში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
“2022 წლის 29 აპრილს, სს „საქართველოს რკინიგზასა“ და შპს „რაველდის“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, კომპანიის კუთვნილ ლიანდაგში არსებულ რელსებზე დეფექტების აღდგენის მომსახურების შესახებ, ღირებულებით 999 768 აშშ დოლარი. საერთო ჯამში, უნდა განხორციელებულიყო არაუმეტეს 1600 ერთეული რელსის შედუღება, ხოლო ანგარიშსწორება მოხდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების საფუძველზე. სამუშაოთა მიმდინარეობისას, შპს „რაველდის“ დირექტორმა, „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელ დირექტორთან შეთანხმებით, მიღება-ჩაბარების აქტებში დააფიქსირა ხელოვნურად გაზრდილი მონაცემები, რომლის თანახმადაც, შპს „რაველდიმ“, ნაცვლად რეალურად განხორციელებული 987 ერთეული რელსის შედუღებისა, თითქოსდა განახორციელა 1200 ერთეულის შედუღება. ყალბ დოკუმენტზე, „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორის დავალებით, ხელი მოაწერეს სს „საქართველოს რკინიგზის“ უფლებამოსილმა, მისსავე სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფმა თანამშრომლებმა. აღნიშნულის შედეგად, მიმწოდებელმა – შპს „რაველდიმ“ შემსყიდველისგან ზედმეტად მიიღო 403 844 ლარი.
აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების განხორციელების მიზნით“, – განაცხადეს უწყებაში.
ცნობისთვის, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სს „საქართველოს რკინიგზის” ყოფილი გენერალური დირექტორი და კიდევ 7 პირი პასუხისგებაში მისცა.