ბელარუსი რუსეთისგან უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს
აგრესიის შემთხვევაში, რუსეთმა უნდა უზრუნველყოს, რომ დაიცავს ბელარუსს, როგორც საკუთარ ტერიტორიას, – განაცხადა რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე.
„ეს ბელარუსის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე გაჟღერდა, ასე რომ, ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია რესპუბლიკას, როგორც საკუთარ ტერიტორიას, დაიცავს. უსაფრთხოების ასეთი გარანტიები გვჭირდება”, – თქვა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, პუტინმა ამ მიმართულებით მას მხარი დაუჭირა.
“მან თქვა, ჩვენ უნდა გადავამოწმოთ ყველა ჩვენი ხელშეკრულება და შეთანხმება, რომ ვნახოთ, ბელარუსის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რა სახელმწიფოთაშორისი ხასიათის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტი უნდა მივიღოთ”, – თქვა ლუკაშენკომ.
ბელარუსის ლიდერმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები არ ასრულებენ ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარგლებში დადებულ შეთანხმებებს, როდესაც მათ რესპუბლიკას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს ბირთვული იარაღის გაყვანის სანაცვლოდ.