დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციას კომისიის შექმნის საკითხი სპეკულაციისთვის სჭირდება

„ოპოზიციას კომისიის შექმნის საკითხი სპეკულაციისთვის სჭირდება”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ სასამართლო სისტემაში კორუფციულ ქმედებათა შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, ყველას, მათ შორის, ოპოზიციას უნდა ეყოს გონიერება და უპირატეს ადგილზე საკუთარი ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენოს.

„ოპოზიციას კომისიის შექმნის საკითხი სპეკულაციისთვის სჭირდება. ერთი მხრივ, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ოპოზიცია არ ენდობა აშშ-ს და საპარლამენტო რეჟიმში გამოძიების დაწყება სურს. ვფიქრობ, ეს შეთანხმებული პროცესია საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რაც ჩვენ არაერთხელ გვინახავს. ვფიქრობ, ყველას, მათ შორის ოპოზიციას, უნდა ეყოს გონიერება და უპირატეს ადგილზე საკუთარი ქვეყნის ინტერესები, ქვეყნის სუვერენიტეტის გამყარება და არა გარე დაკვეთების შესრულება დააყენოს“,- აღნიშნა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, 11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტს მიმართავენ. სალომე ზურაბიშვილთან გაგზავნილ მოთხოვნას 46 დეპუტატი აწერს ხელს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი „რეფორმების ჯგუფის” მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტის მიღება იქნება, რომელიც სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები