მარსელში ჩამონგრეული სახლის ნანგრევებიდან ორი ცხედარია ამოყვანილი
საფრანგეთის ქალაქ მარსელის მაშველებმა ჩამონგრეული 4-სართულიანი სახლის ნანგრევებიდან ორი ცხედარი ამოიყვანეს.
ამის შესახებ BFMTV იტყობინება.
9 აპრილს მარსელის პროკურორმა განაცხადა, რომ შენობის ჩამონგრევის შემდეგ 8 ადამიანი პოლიციასა და ახლობლებთან კონტაქტზე არ გადის. მისი თქმით, მათ შორის არიან ხანდაზმული ადამიანები და 30 წლამდე წყვილი.
გარდა ამისა, მეზობელი შენობის ნაწილობრივი ჩამონგრევის შედეგად კიდევ ერთი ადამიანია დაკარგული.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ნანგრევებში ოთხიდან ათამდე ადამიანი შესაძლოა, იმყოფებოდეს.
პრევენციის მიზნით, რაიონში 32 სახლიდან 199 მაცხოვრებელი იქნა ევაკუირებული.
მარსელში 4-სართულიანი საცხოვრებელი სახლი 9 აპრილს ჩამოინგრა.
წინასწარი ინფორმაციით, ნგრევა აფეთქების შედეგად მოხდა, მაგრამ რა გახდა აფეთქების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.