“რუსეთი მსოფლიო ქვეყნებისგან იზოლირებას არ აპირებს” – პუტინი

რუსეთი მზად არის დიალოგისთვის ყველა ქვეყანასთან და არ აპირებს იზოლირებას, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

„რუსეთი ღიაა ყველა ქვეყანასთან კონსტრუქციული პარტნიორობისთვის, გამონაკლისის გარეშე. ჩვენ არ ვაპირებთ ვინმესგან იზოლირებას, არ გვაქვს არავის მიმართ მიკერძოებული და კიდევ უფრო მტრული ზრახვები და მოველით, რომ პარტნიორები დაიცავენ თანასწორობისა და ურთიერთგაგების პრინციპებს ჩვენთან ურთიერთობაში“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

მისივე თქმით, სწორედ ასეთი მიდგომაა ჩადებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ახალ კონცეფციაში.

პუტინმა თქვა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ნაკარნახევი იქნება შიდა განვითარების პრიორიტეტებით და სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების პასუხისმგებლობის გაცნობიერებით.

მისი თქმით, რუსეთი გააგრძელებს მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ სუვერენულ და ავტორიტეტულ ცენტრად ყოფნას.

კრემლის ლიდერმა დარბაზში მყოფ, აშშ-ის ელჩს, ლინ ტრეისის მიმართა და თქვა, რომ აშშ-სთან არსებული კრიზისის გამომწვევი მიზეზი „ფერადი რევოლუციები“ გახდა, მათ შორის, უკრაინაში. მისი თქმით, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ღრმა კრიზისშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები